ამ უქმეებზე საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება ეკვატორს გადალახავს. მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერში ჩრდილოეთის ტესტ-მატჩებია გაჩაღებული და მასში “ბორჯღალოსნებიც” აქტიურად არიან ჩართული, შიდა პირველობა სრული სვლით გრძელდება და 15-16 ნოემბერს IX ტურის თამაშები გაიმართება.
ჩემპიონატი დიდი ხნის შესვენების შემდეგ ანგისაზე ბრუნდება და ტურიც 15 ნოემბერს, 13:30 საათზე ზღვისპირეთში გაიხსნება. “ბათუმმა” მიმდინარე ჩემპიონატის შვიდივე თამაში “სტუმრად” გამართა, ოღონდ ერთხელ მასპინძლის რანგში “ლელოს”ფოთში დაუხვდა და 0:20 დამარცხდა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში აღმოსავლეთ საქართველოში ითამაშა. ბათუმელებს ანგისაზე ნოემბრის დასაწყისში “აიასთვის” უნდა ემასპინძლათ, მაგრამ ქუთაისელებს 19-წლამდელთა ნაკრებში 9 მორაგბე ყავდათ მივლენილი და შეხვედრა 22 ნოემბრისთვის გადაიდო.
მნიშვნელოვნად გადახალისებილ “ბათუმს” სეზონის სტარტზე გაუჭირდა და ზედიზედ ორი მარცხი განიცადა, შემდეგი ხუთი შეხვედრიდან კი, უქულოდ არ გასულა. ზღვისპირელებმა ორი თამაში მოიგეს, მომდევნო ორ ჯახში მცირე სხვაობით მარცხისთვის პრემიალური ქულები მიიღეს, ერთი კვირის წინ ლიდერ “ყოჩებს” დაუზავდნენ და ჯამში 12 ქულა მოაგროვეს. მართალია ბათუმელები ბოლოდან მეორე ადგილზე არიან, მაგრამ მათ თადარიგში აქვთ ერთი შეხვედრა, მეორე წრეში თამაშების უმეტესობას საკუთარ მოედანზე ატარებენ, პლეი ოფის ექვსეულთან ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულაა ამ გუნდს საბრძოლველი ჯერაც წინა აქვს.
ხვალ “ბათუმი” თბილისის “ლოკომოტივს” მასპინძლობს, რომელმაც ბოლო ორ მატჩში მარცხი განიცადა, მაგრამ ორივეჯერ მოახერხა პრემიალური ქულის აღება. მთლიანობაში, რკინიგზელებმა 7 თამაში ჩაატარეს და უქულოდ ერთხელაც არ დარჩენილან. “ლოკომოტივმა” “ჯიქები”, “აია” და “თიბიეს უნივერსიტეტი” დაამარცხა, დანარჩენ 4 შემთხვევაში მცირედი მარცხისთვის პრემიალური ქულები მიითვალა და ჯამში 16 ქულით მე-5 ადგილზეა. ამ თამაშის შემდეგ შეისაძლოა ისეც მოხდეს, “ბათუმმა” “ლოკომოტივი” უკან მოიტოვოს, მაგრამ ერთი რამ ცალსახაა - მატჩი უკიდურესად დაძაბული იქნება.
შაბათის მეორე თამაში თბილისში, “ავჭალაზე” 16 საათზე იწყება და მასში “თიბიეს უნივერსიტეტი” “ჯიქებს” მასპინძლობს. მასპინძლობა პირობითია, რადგან ორივე გუნდი თბილისისაა. “თიბიესი” უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვის, მაგრამ განვლილ რვავე მატჩში მარცხი განიცადა და მხოლოდ 3 პრემიალური ქულის აღება მოახერხა. ეს დებიუტანტს ურთულეს მდგომარეობაში აყენებს, მათთვის პირველი გამარჯვების მოპოვება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ხვალ აუცილებლად ბოლომდე დაიხარჯება.
მაგრამ “ჯიქებს” საკუთარი გეგმები აქვს. მათი პროგრამა მინიმუმი საპლეიოფო ექბსეულში რაც შეიძლება მაღალი ადგილით შესვლაა და ამისათვის აუტსაიდერთან დაგეგმილი 4 ქულის აღება მნიშვნელოვანია. “ჯიქებს” გასულ კვირას “არმაზთან” არ უთამაშია (გადაიდო 13-14 დეკემბრისთვის), დანარჩენი 7 ჯახიდან კი 3 მოიგო, 3-ში მარცხი განიცადა, ერთი ფრედ დაასრულა და 15 ქულით ჯერჯერობით მე-6 ადგილზეა.
კვირას, 16 ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბლინში “ავივაზე” ირლანდიას ეთამაშება, სამი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება. 14 საათზე რუსთავის ახალ სტადიონზე მეორე ადგილზე მყოფი “ხარები” ლიდერს, ბოლნისის “ყოჩებს” მასპინძლობს და სწორედ ესაა ტურის ცენტრალური შეხვედრა. თამაში მოგვიანებით უნდა დაწყებული, მაგრამ დრომ 14 საათისთვის გადმოიწია, რათა ნამატჩევს გუნდებმა და გულშემატკივრებმა შინ დაბრუნება და “ბორჯღალოსანთა” ტელეეთერით გულშემატკივრობა მოახერხონ.
“ყოჩებმა” გასულ ტურში პირველი ქულები დაკარგა. მანამდე შვიდივე თამაშის მომგები გუნდი “ბათუმთან” მარცხის საშიშროების წინაშე დადგა, თუმცა, დამატებულ წუთებზე გადამწყვეტი ლელოს გატანა შეძლო და მატჩსაც მოიგებდა გარდასახვა ზუსტი რომ ყოფილიყო - 25:25. “ხარებმა” მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა, ორივეჯერ რეგიონის წარმომადგენლებთან. რუსთაველებს მათსავე მოედანზე ჯერ “ბათუმმა” აჯობა, ხოლო ერთი კვირის წინ ქუთაისში “აიამ” 15:6 სძლია. დარჩენილი მატჩებიდან “ცარებმა” 5 მოიგო და ერთიც ჩემპიონ “ლელო სარასენსთან” ფრედ დაასრულა, რის შემდეგაც 24 ქულით მეორე ადგილზეა და “ყოჩებს” 7 ქულით ჩამორჩება. მართალია მასპინძლებს გალიდერების შანსი არა აქვთ, მაგრამ რეგულარული პირველობის გასაყარზე მათთვის მეორე ადგილის შენარჩუნება და ჩამორჩენის შემცირება ძალზედ მნიშვნელოვანია.
თბილისში ორი ჯახია, ორივე 15 საათზე იწყება და ორივეში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის მეზობლები ეთამაშებიან. “ავჭალაზე” “არმაზი” “აიას” დაუხვდება. არმაზელებს ყველაზე ცოტა - 6 თამაში აქვთ ჩატარებული (3-3 მოგება-წაგება) და 14 ქულით მე-8 ადგილზე არიან, ხოლო “აიამ” 3 მოგების წილ 4 მარცხი განიცადა, ერთით მეტი პრემიალური ქულა მიითვალა და 15 ქულით მე-7 პოზიციაზეა. გასულ ტურში თბილისელებს არ უთამაშიათ, ხოლო “აიამ” ქუთაისში “ხარები” 15:6 დაამარცხა.
“ვისოლზე” დედაქალაქურ დერბიში ბოლო ორი წლის ფინალის განმეორება იქნება. 20 ქულით მესამე ადგილზე მყოფი “ლელო-სარასენსი” 18 ქულით მე-4 პოზიციაზე მყოფ “არმიას” ეთამაშება. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა განვლილი რვე შეხვედრიდან 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ორჯერ დამარცხდა. “არმიამ” ასევე 4 თამაში მოიგი, მაგრამ სხვა 4 შეხვედრა დათმო და მათში 2 პრემიალური ქულა მიითვალა.
“არმიამ” ბოლო ორი თამაში მოიგო და კარგ ფორმაშია, განსაკუთრებით კი, მისი შერკინების ხაზი გამოირჩევა. გასულ ტურში პრინციპული მეტოქე - “ლოკომოტივი” დაამარცხა “ლელო-სარასენსმა”. გამომდინარე იქიდან, რომ ამავე ტურში ერთმანეთს პირველ-მეორეადგილოსანი გუნდები ხვდებიან, “ვისოლზე” გამარჯვებულს მინიმუმ ერთ-ერთ ლიდერთან მიახლოვების, ან სულაც გადასწრების (“ლელოს” გამარჯვების და რუსთავში “ხარების” მარცხის შემთხვევაში) შანსი ექნება. ზუსტი გათვლები აზრსკარგავს, რადგან მრავლადაა შანსი იმისა, რომ ამ ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში გადაადგილებები განხორციელდეს და მეორე წრეს გუნდები განსხვავებულპოზიციებზე შეხვდნენ.
რაც შეეხება განვლილ ორ სეზონს, აქ გუნდები ერთმანეთს 4-4-ჯერ ეთამაშნენ. რეგულარულ გათამაშებაში გამარჯვებები არმიელებს რჩებოდათ, მაგრამ პლეი ოფებში და ფინალებში “ლელო” მეტოქეს დამსახურებულად ამარცხებდა და ზედიზედ ორჯერ, ჯამში კი ოთხჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
IX ტური
15 ნოემბერი
ბათუმი. ანგისა. 13:30 საათი
ბათუმი (ბათუმი) - ლოკომოტივი (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი)
16 ნოემბერი
რუსთავი. ახალი. 14:00 საათი
ხარები (რუსთავი) - ყოჩები (ბოლნისი)
თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი
არმაზი (თბილისი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. “ვისოლი”. 15:00 საათი
ლელო (თბილისი) - არმია (თბილისი)
10/11 @ 16.45 | ქ | სხვ | მ-წ*ფ | $ |
ბოლნისი ყოჩები | 31 | +79 | 7-0*1 | 1 |
ხარები რუსთავი | 24 | +52 | 5-2*1 | 2 |
ლელო სარასენს | 20 | +9 | 4-2*2 | 0 |
არმია | 18 | -29 | 4-4 | 2 |
ლოკომოტივი | 16 | +8 | 3-4 | 4 |
ჯიქი ^ | 15 | -18 | 3-3*1 | 1 |
აია ქუთაისი | 15 | -10 | 3-4 | 3 |
არმაზი | 14 | +8 | 3-3 | 2 |
ბათუმი | 12 | -19 | 2-4*1 | 2 |
თიბიეს უნივერს’ | 3 | -80 | 0-8 | 3 |