საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ლევან ფაცაციამ რუსულ “ნიჟნი ნოვგოროდთან” მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმა და 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. აღნიშნულის შესახებ ჩვენ ადრეც გაცნობეთ, ოფიციალური დადასტურება კი კლუბის ვებ-გვერდზე განთავსდა.
26 წლის ფორვარდის და ნოვგოროდული გუნდის ხელშეკრულება ერთ თვეზეა გათვლილი და როგორც სჩანს, ეს, ლევანისთვის გამოსაცდელი ვადა იქნება, კონტრაქტის გაგრძელება კი კლუბის სურვილზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ ფაცაციამ გასული სეზონი უკრაინულ “დნიპრო-აზოტში” დაიწყო და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა, მძიმე ტრავმის კვალად კი, საქართველოში დაბრუნდა. “ნიჟნი ნოვგოროდის” მთავარი მწვრთნელი – ლატვიელი აინარს ბაგატსკისი ლევანს ჯერ კიდევ “სოხუმში” მუშაობის პერიოდიდან იცნობს.
“ნიჟნი ნოვგოროდმა” ქართველი კალათბურთელი უკვე შეიყვანა ევროლიგის და ვთბ-ლიგის განაცხადში და მისი დებიუტი კვირას, 16 ნოემბერს შედგება, როდესაც ნოვგოროდელები ყუბანის “ლოკომოტივს” უმასპინძლებენ. აქვე ვთქვათ, რომ ვთბ-ლიგაში ნოვგოროდელებს 6-ვე მატჩი მოგებული აქვთ და ერთპიროვნულად ლიდერობენ, ევროლიგის A ჯგუფში კი 2 გამარჯვებით და 3 წაგებით მე-4 ადგილი უკავიათ.
ახლა კი, ბაგატსკისის და ფაცაციას კომენტარებიც.
აინარს ბაგატსკისი: “მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე აგრესიული თამაში ძალიან გვაკლია. ისე გამოვიდა, რომ სეზონის დაწყების შემდეგ, ამ დანაკლისის აღმოფხვრა ვერავინ მოახერხა. ამ ადგილას ანტონოვიც გამოვცადეთ და იგი ცუდად გარჯილა, მაგრამ სემიონი მე-4 ნომრის პოზიციაზე უფრო გვჭირდება. ფაცაცია ის მოთამაშეა, რომელსაც კარგად ვიცნობ. მასთან ერთად საქართველოში მიმუშავია. იგი მზადაა იმუშაოს და გუნდს გამოადგეს. ლევანი ფიზიკურად ძლიერია, დაცვაში თამაში ეხერხება და შესძლებს, დაგვეხმაროს”.
ლევან ფაცაცია: “პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ ახალგაზრდულ და ამასთან, წარმატებულ კლუბში გადმოსვლით გახარებული ვარ. ეს, ჩემთვის ჩინებული შანსია. მწვრთნელ ბაგატსკისს კარგად ვიცნობ. ჩვენ ერთად სოხუმში გვიმუშავია. “ნიჟნი ნოვგოროდში” სწორედ მისი სურვილით ვარ. ვფიქრობ, საკუთარი პოზიციისთვის საკმაოდ ათლეტური მოთამაშე ვარ და კონტაქტში შესვლისაც არ მეშინია. კიდევ რით შემიძლია გუნდს დავეხმარო? სინამდვილეში, მზად ვარ, ყველაფერი შევასრულო, რასაც მწვრთნელი დამავალებს. თუკი შეტევა იქნება აუცილებელი, შევუტევ კიდეც და თუკი პირსახოცის ქნევა დამავალეს, არც ამას დავზარდები”.