საქართველოს ნაკრებისა და ინგლისური "უოტფორდის" ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის სარეაბილიტაციო პროცესი გრძელდება. ინგლისური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დღეს ვიდეო გაავრცელა, სადაც სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე საუბრობენ. როგორც ვიდეოშია ნათქვამი, გიორგი სპეციალური პროგრამით გადის რეაბილიტაციას, თუმცა ჯერ მისი სხეული სათანადოდ მზად არ არის და ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ეტაპი აუჩქარებლად ნაბიჯ ნაბიჯ უნდა გაიაროს.
"გიორგისთან ყოველდღიურად ვმუშაობთ და თანმიმდევრულად ვზრდით მის დატვირთვებს. რათა დავრწმუნდეთ, რომ მის სხეულს შეუძლია იმ მოთხოვნილებების გაძლება, რომელსაც ვუყენებთ. ახლა ანტიგრავიტაციულ სარბენ ბილიკზეა, სადაც სირბილის პროტოკოლის მიხედვით ვარჯიშობს. ჩვენ ეტაპობრივად დატვირთვას ვზრდით, რათა სხეულის წონის შესაბამისად 100%-ით დაიტვირთოს. როდესაც ამ დავალებებს შეასრულებს მოედანზე დაბრუნებას შეძლებს, ფიზიკურ კონდინციებს აღიდგენს და გუნდთან ერთად შეძლებს ვარჯიშს.
6 კვირის განმავლობაში სპეციალური პროგრამით ვვარჯიშობდით, ახლა მეშვიდე კვირაა და ანტიგრავიტაციულ პროგრამაზე ვართ. ეს არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს დაიწყო სირბილი და სხვა და სხვა დავალებები შეასრულო. გიორგი ძვალი ამჟამად სუსტია, რადგან მკურნალობის პროცესშია, ამიტომ თუ ზედმეტად დავტვირთავთ შესაძლოა მოტეხილობა განმეორდეს. ამიტომ აუჩქარებლად და ნაბიჯ ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ, რადგან ტრავმის გართულების შემთხვევაში შესაძლოა საქმე უფრო რთულად აღმოჩნდეს."
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და აპრილიდან მოყოლებული არ უთამაშია.მას თითის მოტეხილობა ჰქონდა, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა. ქართველი ფეხბურთელი მოედანს სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში დაუბრუნდება.






