ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტური გრძელდება და მორიგი ორი მატჩი გაიმართა.
„ბრიუგე“ შესანიშნავ ფორმაში რომაა და საინტერესო გუნდია, პლეი-ოფში დადასტურდა, როცა „რეინჯერსი“ გაანადგურა. ბელგიურმა კლუბმა ეს ფაზის ეტაპზეც აჩვენა.
„ბრიუგემ“ „მონაკო“ 4:1 გაანადგურა. მატჩის დასაწყისში მაგნის აკლიუჩემ პენალტი ვერ გაიტანა და ამის შემდეგ მასპინძლებმა „მონაკო“ არ დაინდეს. პირველივე ტაიმში, 10-წუთიან ინტერვალში „ბრიუგემ“ სამჯერ გაიტანა, ხოლო მეორე ნახევარში უპირატესობა ოთხ ბურთამდე გაზარდა. მონეგასკებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს, რომელიც ანსუ ფატის აქტივშია. ჩემპიონთა ლიგა „ბრიუგემ“ გამარჯვებით დაიწყო და მეორე ტურში „ატალანტას“ ესტუმრება, ხოლო „მონაკო“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს.
„ლევერკუზენი“ სტუმრად „კოპენჰაგენთან“ მარცხს გადაურჩა. დანიელებმა ტაიმი ჰენრიკ ლარსონის შვილის, ჯორდან ლარსონის გოლით მოიგეს, რასაც 82-ე წუთზე ალეხანდრო გრიმალდომ უპასუხა. 5 წუთში „კოპენჰაგენი“ რობერტის გოლით მეორედ დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ისევ ვერ შეინარჩუნა, რადგან კომპენსირებულ დროში ჰაციდიაკოსმა ავტოგოლი გაიტანა - 2:2.
„ლევერკუზენი“ მეორე ტურში პსვ ეინდჰოვენს უმასპინძლებს, ხოლო „კოპენჰაგენი“ „ყარაბაღს“ ესტუმრება.
„ბრიუგე“ – „მონაკო“ 4:1 (3:0)
გოლები: 1:0 ტრესოლდი (32), 2:0 ონიედიკა (39), 3:0 ვანაკენი (43), 4:0 დიახონი (75), 4:1 ანსუ ფატი (90)
„კოპენჰაგენი“ – „ლევერკუზენი“ 2:2 (1:0)
გოლები: 1:0 ლარსონი (9), 1:1 გრიმალდო (82), 2:1 რობერტი (87), 2:2 ჰაციდიაკოსი (90)









