გიორგი დევდარიანმა ასაკობრივ ნაკრებში მუშაობის პერიოდში ელიტ რაუნდში ერთხელ უკვე გაიყვანა 17-წლამდელები, როდესაც შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩი წააგო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო. მაშინაც, ქართველები მასპინძლების რანგში იყვნენ. ამჯერად, მან იგივე 19-წლამდელებში შეძლო და უიღბლო დასაწყისის მერე, ბედის ბორბალი საქართველოს სასრგებლოდ შემოატრიალა.
სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩერნოგორიასთან წაგების მიუხედავად, ქართველებმა ტურნირზე ყველაზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს, განსაკუთრებით ინდივიდუალური ოსტატობით. მართალია, უკანა ხაზს სტაბილურობა აკლდა, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს – ტრავმების გამო გუნდს სასტარტო შემადგენლობის მცველები ჯიმი ტაბიძე და გიორგი თევზაძე ვერ ეხმარებოდნენ. დევდარიანიც იძულებული იყო, ნახევარმცველები დაცვაში დაეყენებინა.
პირველივე წუთზე საქართველოს ნაკრების დაცვა უხეშად შეცდა და რუმინელთა კონტრშეტევის დროს მარჯვენა ფლანგიდან ალექსანდრუ ტუდორი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, სადაც მყოფ გეორგე პუშკაშს ზუსტი პასი მისცა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა – 0:1. მანამდე, შეტევაში ოთარ კიტეიშვილი მეტოქესთან შეჯახების დროს წაიქცა, თუმცა მსაჯმა ჯარიმა არ დანიშნა.
გოლის გაშვებიდან ცოტა ხანში გიორგი ბერიძე მეტოქის მეკარესთან პირისპირ გავიდა და კარიდან გამოსული რაზვან ნეგრილა ფეხებში ჩაუხტა – ქართველთა შემტევი წაიქცა, მაგრამ პენალტის დადების მაგივრად, მსაჯმა მას ყვითელი ბარათი აჩვენა.
ქართველებს ანგარიში გასათანაბრებლად დიდი დროს არ დასჭირდათ. რომან ჭანტურიამ მოწინააღმდეგის საჯარიმოში საუცხოო პასი მისცა კიტეიშვილს, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა – 1:1.
ქართველებს შეტევა არც ამის მერე შეუნელებიათ და ჯერ გიორგი ხარაიშვილის მიერ დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ გიორგი ბერიძემ საჯარიმოს ფარგლებს გარედან მიზანს ააცილა. ყოველივეს ბერიძის რეიდი მოჰყვა, რომელმაც რუმინელთა საჯარიმოში “გახსნილ” კიტეიშვილს ბურთი არ დაუგვიანა და რუსთავის “მეტალურგის” ნახევარმცველს ოთხთა ტურნირის მასპინძლების დაწინაურება არ გასჭირვებია – 2:1.
ტაიმის შუაწელში ლუკა ზარანდია მარჯვენა ფლანგზე ერთ მეტოქეს გასცდა და კარგი პასი მისცა გიორგი ხარაიშვილს, რომელმაც ძლიერად დაარტყა და მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამის შემდეგ, აკაკი შულაია მარჯვენა ფრთაზე შეტევაში ჩაერთო და რუმინელთა საჯარიმოში მდგომი კიტეიშვილი მოძებნა, რომლის მიერ შეჩერებლად დარტყმული ბურთი ნეგრილამ ხელებში დააფიქსირა.
ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრები გოლის გაშვებას აშკარად გადაურჩა, როდესაც კრისტიან მანეამ მარჯვნიდან ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, სადაც მდგომმა ანდრე ივანმა თავით ახლოდან ვერ გაიტანა.
შესვენებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ ხარაიშვილი შორი მანძილიდან ნეგრილასთვის თავს ზემოთ ბურთის გადაგდებას შეეცადა და რუმინელების კარის დარაჯი ეპიზოდს მომზადებული შეხვდა.
მეორე ტაიმი მცირე ხნის განახლებული იყო, რომ ზარანდიამ მარჯვენა ფლანგზე მცველს გვერდი აუარა და რომან ჭანტურიას უასისტენტა, რომლის დარტყმული ბურთი რუმინელს მოხვდა, ხოლო დამატებაზე მცველმა ზურაბ მალანიამ იყოჩაღა – 3:1.
ორ წუთში ხარაიშვილმა მარჯვნიდან რუმინელთა კარის წინ ჭანტურია მოძებნა, რომელმაც არაზუსტად დაარტყა და ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის რეალური შესაძლებლობა გაუშვა.
რუმინელთა იშვიათ შეტევას მარჯვნიდან მანეას ჩამოწოდება მოჰყვა და საქართველოს ნაკრების საჯარიმოში მდგომმა ალექსანდრუ ტუდორმა თავით მიზანს ოდნავ ააცილა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთზე ოდნავ მეტი გასულიყო, რომ ზარანდია ინდივიდუალური თამაშის წყალობით მოწინააღმდეგის მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ნეგრილას ბურთი ვერ ააცილა.
მეორე ტაიმის შუაწელში გიორგი არაბიძე მარჯვნიდან რუმინელთა საჯარიმოში კარგად შეიჭრა, მცველსაც გაექცა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში ვერ ივარგა და გოლის გატანის შანსი გაანიავა.
ძირითადი დროის დასრულებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ პუშკაში მარცხენა ფლანგიდან ქართველების საჯარიმოში შეიჭრა და კარიდან გამოსულ გოშაძეს მარცხენა მახვილი კუთხიდან ვერ გაუტანა.
მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო, მესამე წუთზე, არაბიძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან ჩააწოდა და ილია კერძევაძემ მახვილი კუთხიდან ნახტომში ეფექტურად, თუმცა არაზუსტად დაარტყა.
მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, ზარანდია სოლო რეიდის დროს რამდენიმე რუმინელს გასცდა და მეტოქის საჯარიმოში მცველთან ორთაბრძოლისას წაიქცა, მაგრამ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დადო და ქართველების კაპიტანი გააფრთხილა.
გიორგი დევდარიანი: “პირველი ეტაპი კანონზომიერად დავძლიეთ. ამ ფორმაციის ნაკრები ელიტ რაუნდში თამაშს იმსახურებდა. ჩერნოგორიასთან დაშვებული შეცდომის გამო გული მაინც მწყდება. დღესაც, შეცდომა დავუშვი, რომ ზარანდია მოედნიდან დროზე არ გავიყვანე, რადგან ელიტ რაუნდის პირველ თამაშში ძალიან დაგვაკლდება. თუმცა, ტაბიძე და თევზაძე დაგვემატებიან და უფრო დაბალანსებული გუნდი გვეყოლება.
ნაკრები თამაშიდან თამაშამდე უმატებს და იმედია ელიტ რაუნდისთვის მზადების პროცესში ამხანაგური მატჩების ნაკლებობა არ გვექნება. ახლაც ფედერაცია ყოველმხრივ ხელს გვიწყობდა, მაგრამ კარგი იქნებოდა უშუალოდ ტურნირის დაწყებამდე ერთი ამხანაგური თამაში ჩაგვეტარებინა. საერთოდ, ეს ბიჭები, რომლებიც სხვადასხვა გუნდებში არაინ გაბნეული, ერთად რაც უფრო ხშირად იქნებიან, უკეთესია. თორემ ფაქტობროვად პირველ მატჩში ექსპერიმენტის ჩატარება მოგვიწია. იმედია, ელიტ რაუნდში ასეთ ექსპერიმენტებს არ მივმართავთ. გუნდმა შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთი ითამაშა. მადლობა ქომაგებს მხარდაჭერისთვის და ჟურნალისტებს ყურადღებისთვის.
ძიების პროცესი დასრულებული არა და თუ ვინმე თავს გამოიჩენს, ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. თუმცა, ძირითადი ბირთვი უკვე ჩამოყალიბებულია”.
საქართველო –რუმინეთი 3:1 (2:1)
13 ოქტომბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
საქართველო: გოშაძე, მალანია, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, მოხევიშვილი, ხარაიშვილი (მესხი, 75), კიტეიშვილი, ზარანდია (კ), ბერიძე (არაბიძე, 65), რომან ჭანტურია (კერძევაძე, 78), შულაია.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.
რუმინეთი: ნეგრილა, მანეა, გერგე (კ), ჰალმაგე, კრისანი (რადულესკუ, 73), კარუტა, ბალაურე, პუშკაში, ივანი, ოლტეანუ, ტუდორიექ (აკარი, 65).
მთავარი მწვრთნელი: ისაკ დორუ.
გოლები: 0:1 პუშკაში (1), 1:1 კიტეიშვილი (7), 2:1 კიტეიშვილი (13), 3:1 მალანია (49)
გაფრთხილებები: ბერიძე (7), მანეა (88), ივანი (90+2), ზარანდია (90+3)
მთავარი მსაჯი: არტიომ კუჩინი (ყაზახეთი)
1. | ჩერნოგორია | 3 | 3 | 0 | 0 | 9:3 | 9 | |
2. | საქართველო | 3 | 2 | 0 | 1 | 6:4 | 6 | |
3. | კვიპროსი | 3 | 1 | 0 | 2 | 5:9 | 3 | |
4. | რუმინეთი | 3 | 0 | 0 | 3 | 1:5 | 0 |