საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში თურქეთთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ქართველმა მცველმა მოახლოებულ შეხვედრაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
„სანაკრებო შეკრებებზე დროში თითქმის ყოველთვის შეზღუდულები ვართ, მაგრამ ძალიან კარგ რაღაცებზე ვიმუშავეთ, ნაყოფიერი ვარჯიშები იყო, ტაქტიკური ვარჯიშები გვქონდა. კარგად ვიცით, რა დავალება გვაქვს.
მახსოვს ის მატჩი კარგად ჩავატარეთ. სამწუხარო იყო, რომ მაშინ 3 გოლი გავუშვით, რასაც არ ვიმსახურებდით. ხვალ ვფიქრობ, მეტი თავდაჯერებით, რწმენით და საკუთარ გულშემატკივართან ერთად ვითამაშებთ. ვეცდებით ქულები ავიღოთ, ეს არის ჩვენი მიზანი. ძალიან სამწუხაროა ასეთი ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის (კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე - რედ) დანაკლისი. ვიცით, მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ როგორც ვთქვი, ნაყოფიერი ვარჯიშები გვქონდა და იმედიანად ვართ განწყობილი. თუმცა, ყველამ იცის, კიტესთან ერთად სხვა გუნდი ვართ და კიტეს გარეშე სულ სხვა. მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს, რომ ეს დანაკლისი ძალიან არ დაგვეტყობა.
რა თქმა უნდა, რეალურად უნდა შევაფასოთ ეს ჯგუფი და ძალიან რთულია. ესპანეთი ვიცით, როგორი ნაკრებია და რამდენად რთულია მასთან თამაში. ძალიან ბევრჯერ ვითამაშეთ მის წინააღმდეგ, მარტო მე 7-8-ჯერ ვეთამაშე და ყოველთვის ძალან რთული იყო. მასთან ქულების დაგეგმა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს ყველა ნაკრებს ეხება, რადგან ესპანეთს ყველასთან მოგება აქვს დაგეგმილი. თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა გინდა, თურქეთსა და ბულგარეთთან უნდა იბრძოლო. ხვალინდელი თამაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ორ თამაშში გამოჩნდება რეალობა როგორია, გვინდა, რომ ხვალ მოვიგოთ, რადგან თურქეთთან გამარჯვება ჯგუფიდან გასვლის ერთადერთი შანსია. ამის მჯერა და თამაშის მერე უფრო მეტი გვეცოდინება.
გულშემატკივრებთან ჩემი მოწოდება უბრალოდ ის იქნება და უგულშემატკივრონ გუნდს, როგორც აქამდე აკეთებდნენ. ბოლო წლებში სამაგალითო გულშემატკივარი გვყავს, განსაკუთრებით ქომაგები, რომლებიც ყოველთვის ბოლომდე გვიდგანან გვერდში. არანაირი მოწოდება, უბრალოდ მხარში დაგვიდგნენ და ვეცდებით, რომ თამაშის მერე გავახაროთ. ვფიქრობ, ისინი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და ვთხოვ, რომ ასე გააგრძელონ, - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის მატჩი 4 სექტემბერს, 20:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება. საქართველოს თურქეთთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს - 1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება. საქართველო 7 სექტემბერს, უკვე 17:00 საათზე ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.






