ფეხბურთი

16:58 | 24.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილმა ლევან კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

„დინამო ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებას უპასუხა.

კობიაშვილმა იუთუბის პოდკასტში „ლაი ლაი“ თქვა, რომ ჭიაბრიშვილი თავად ვერ ჩამოყალიბებულა, მწვრთნელია თუ ექსპერტი და ქართველი სპეციალისტი ღიად გააკრიტიკა.

სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა ბათუმელთა თავკაცი:

„მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სპორტულ გადაცემაში წარმოთქმულ სიტყვებს ჩემთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, აღვნიშნავ და იმედს ვიტოვებ, რომ ქართულ ფეხბურთში ჩართულ თითოეულ ადამიანს, იქნება ეს საფეხბურთო კლუბისა თუ ფედერაციის პრეზიდენტი, მენეჯერი, მწვრთნელი თუ ფეხბურთელი, გვაქვს ერთი სურვილი, მიზანი და პასუხისმგებლობა, რომ ქართული ფეხბურთი ხვალ იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის დღეს. ქართული ფეხბურთის წარმატებასა და წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობასაც ვინაწილებთ ჩვენი როლების შესაბამისად. მე, ჩემს წილ პასუხისმგებლობას არასდროს გავქცეულვარ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ, ჩემი განცხადებისა და პიროვნების შეფასება იყო მინიმუმ არაკორექტული, უფრო სიღრმისეული შეფასებისგან თავს შევიკავებ.

აქედან გამომდინარე, მინდა, რომ ეს ,,გაუგებრობა'' ჩემი ამ განცხადებით დამთავრდეს და ყველა დავუბრუნდეთ იმ საქმის კეთებას, რასაც ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღის შენება ჰქვია.

ჟურნალისტების ამ თემით ინტერესი ლოგიკური და გასაგებია. მადლობა მათ ქართული ფეხბურთის გაშუქებისთვის, მაგრამ მინდა, რომ პატივი სცეთ ჩემს გადაწყვეტილებას, ამ საკითხზე ჩემი კომუნიკაცია აღნიშნული განცხადებით ამოიწუროს. წარმატებებს ვუსურვებ ყველას ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ“, - დაწერა სოციალურ ქსელში ჭიაბრიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.097396