ასე, 11 წლის ვიქნებოდი, როდესაც ახლადნაომარ რუსთაველის გამზირზე დედასთან ერთად მიმავალი ავსტრიელმა ტურისტებმა გამაჩერეს, უცნაურად მომჟავო-მოტკბო გემოს მქონე კანფეტები მაჩუქეს და რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, ასევე მაჩუქეს ფერადი ჟურნალი, რომელიც მთლიანად ავსტრიულ ფეხბურთზე იყო, ყდაზე კი, დიდი ავსტრიელი ფეხბურთელი მათიას სინდელარი ეხატა. ათ წელზე მეტია ეს ჟურნალი დავკარგე, რამდენჯერმე სახლში „კაპიტალური“ ძებნაც ჩავატარე, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მივაკვლიე, სინდელარის სახე კი, მეხსიერებაში დამრჩა და დამრჩა.
დიდიხანია, მინდოდა მასზე რამე დამეწერა, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერს დრო და შესაბამისი ისტორიული კონტექსტი ჭირდება. ახლა კი, ალბათ, სწორედ ის ჟამია, როდესაც დიდი, უხეში და ბოროტი ძალისადმი წინააღმდეგობის გაწევაა ეპოქის მთავარი გამოწვევა და მგონი, ისედაც დადგა დრო, რომ ამ საოცარ კაცზე ორი სიტყვა მეც დავწერო.
მათიას სინდელარის სახელი დიდი ხანია არა მხოლოდ ავსტრიული, არამედ ევროპული და მსოფლიო სპორტის ისტორიაში ჩაიწერა ოქროს ასოებით.
გასული საუკუნის დასაწყისში ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში (მორავია, დაბა კოზლოვი, დღევანდელი ჩეხეთის რესპუბლიკა) დაბადებული და გაზრდილი ბიჭი იქცა დიდი ფეხბურთელისა და დიდი ადამიანის სიმბოლოდ.
სინდელარი 1903 წელს დაიბადა. მორავია მაშინ ავსტრია-უნგრეთის მომაკვდავი და ღარიბი იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ღარიბი იყო სინდელარის ოჯახიც და მათიასმა ბავშვობაში ბურთის გორება ფაქტობრივად ქუჩაში, ასფალტზე და ქვაფენილზე ისწავლა.
პროფესიული კარიერა 1924 წელს დაიწყო კლუბ ვენის „აუსტრიაში“, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა. სინდელარი გამოირჩეოდა ბრწყინვალე ტექნიკით, ტაქტიკური ხედვითა და ელეგანტური მოძრაობებით. ამ ყველაფერთან ერთად, სიგამხდრის გამოც, მას „ქაღალდის კაცი“ შეარქვეს და ეს მეტსახელი ბოლომდე გაჰყვა.
1930-იანი წლები ავსტრიული ფეხბურთის ოქროს ხანა იყო. ეროვნული ნაკრები, რომელსაც ხშირად „ვუნდერტიმს“ - სასწაულ გუნდს უწოდებდნენ, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კოლექტივად ითვლებოდა. გუნდის უპირობო ლიდერი და მთავარი ვარსკვლავი კი, სწორედ სინდელარი იყო.
ავსტრიამ შთამბეჭდავი გამარჯვებები მოიპოვა ევროპის გრანდებთან, მათ შორის, უნგრეთსა და გერმანიასთან.
1931 წელს, ინგლისთან მატჩში, რომელიც 4:3 დასრულდა ბრიტანელთა სასარგებლოდ, სინდელარმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და მსოფლიოს ყურადღებაც მიიპყრო.
1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრიის ნაკრებმა ნახევარფინალში გასვლით გაიბრწყინა, მაგრამ მართლაც უძლიერეს იტალიასთან დამარცხდა. მიუხედავად ამ მარცხისა, სინდელარი ტურნირის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავად დასახელდა.
ამასობაში დადგა 1938 წელი, როდესაც ჰიტლერის გერმანიამ ავსტრიის „ანშლუსი“ განახორციელა (გერმანიის შემადგენლობაში ძალით შეიყვანეს) და სინდელარის საყვარელი ავსტრიის ნაკრები ასე უბრალოდ აიღეს და გააუქმეს.
სინდელარს რამდენჯერმე შესთავაზეს ნაცისტური გერმანიის ნაკრებში თამაში (მაშინ ფეხბურთელს უფლება ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებში ეთამაშა), მაგრამ „ქაღალდის კაცი“ ფოლადივით უტეხი გამოდგა და მან „მესამე რაიხის“ ნაკრებში თამაშზე მტკიცე უარი განაცხადა.
1938 წლის აპრილში გაიმართა ავსტრია-გერმანიის ისტორიული „გამოსამშვიდობებელი“ ამხანაგური მატჩი. ამ თამაშის შემდეგ ავსტრიის ნაკრები არსებობას წყვეტდა. სინდელარმა ამ შეხვედრაში ძალიან მაგარი გოლი გაიტანა. გოლის გატანა ნაცისტების დამცინავი ჟესტიკულაციით აღნიშნა და ამ თამაშის შემდეგ ოფიციალურად დაამთავრა საფეხბურთო კარიერა.
1939 წლის 23 იანვარს სინდელარი და მისი მეგობარი იტალიელი ქალი ანა სოლდატი, ვენაში, საკუთარ ბინაში ბუნებრივი აირით მოწამლულები იპოვეს. ოფიციალურად, გარდაცვალება უბედურ შემთხვევად გამოცხადდა, თუმცა ამ ამბავმა, ცხადია, არაერთი კითხვის ნიშანი დატოვა. არსებობს ვერსია, რომ სინდელარი თვითმკვლელობამდე მიიყვანა ნაცისტური ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულმა ზეწოლამ და წნეხმა. ცხადია, საუბრობენ იმაზეც, რომ რადგან მან უარი თქვა გერმანიის ნაკრებში თამაშზე, ეს არ აპატიეს ნაცისტებმა.
სინდელარი დაკრძალულია ვენის ცენტრალურ სასაფლაოზე, საფეხბურთო დიდების ხეივანში. მისი საფლავი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია ვენაში, სადაც ისტორიული და მონახულებადი ადგილები ნამდვილად არ ჭირს.
ფიფამ მათიასი დაასახელა მეოცე საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის, ხოლო ვენის „აუსტრიას“ სტადიონზე „ქაღალდის კაცის“ ძეგლი დაიდგა. მის ცხოვრებაზე შეიქმნა ფილმები, წიგნებისა და დოკუმენტური მასალების მიხედვით.
მათიას სინდელარი მორალურ მაგალითად იქცა. იგი იქცა კაცობრიობის იმ იდეალის სიმბოლოდ, რომლისთვისაც ღირს სიცოცხლის გარისკვა და ბრძოლა თავისუფლებისათვის!









