„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა აშრაფ ჰაკიმიმ „რეალთან“ მატჩის (4:0) შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სამეფო კლუბიდან“ წასვლის გადაწყვეტილება თავის დროზე მას არ მიუღია, არამედ კლუბმა გაუშვა.
„რეალიდან“ წასვლა მე არ გადამიწყვეტია, მათ გადაწყვიტეს. პსჟ-ში საშუალება მომეცა ვაკეთო ის, რაც მომწონს, ვითამაშო და ვისიამოვნო. ამ მწვრთნელთან ერთად, რომელმაც ნდობა და თავისუფლება მომცა. ზოგჯერ ნახევარდაცვაშიც ვარ. სიმართლე ისაა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და ამ გუნდში თამაშით სიამოვნებას ვიღებ“, - თქვა ჰაკიმიმ.
შეგახსენებთ, რომ აშრაფ ჰაკიმი „რეალში“ 2017-2018 წლების სეზონში თამაშობდა (მანამდე კასტილიაში ირიცხებოდა) და პირველ გუნდში მხოლოდ 17 მატჩი ჩაატარა. შემდეგ ის ჯერ იჯარით „დორტმუნდში“ გადავიდა, მერე „ინტერში“ გაასხვისეს, ხოლო 2021 წელს „პარი სენ-ჟერმენს“ შეუერთდა.
მაროკოელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 54 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 16-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.






