„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა უსმან დემბელემ კლუბის ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
როგორც ფრანგმა აღნიშნა, ეს სეზონი მის კარიერაში საუკეთესოა და ასევე ხაზი გაუსვა პსჟ-ში არსებულ ატმოსფეროს, რომელიც ოჯახს შეადარა:
„თავს 100%-ით კარგად ვგრძნობ. ათი დღეა კარგად ვვარჯიშობ და მზად ვარ, რომ თამაში დავიწყო, მაგრამ გადაწყვეტილება მწვრთნელზეა დამოკიდებული.
"ბაიერნი" რთული გუნდია, მაგრამ ჩვენ ნოემბერთან შედარებით ბევრად უფრო ძლიერები ვართ. გაცილებით მეტი თავდაჯერებულობა მოვიპოვეთ და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ მოედანზე. ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის ვართ. პრეზიდენტმა გვითხრა, რომ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ტიტულების მოგება.
„პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი გავაფორმე, რათა ასეთი მომენტები განმეცადა. ეს წელი გამორჩეული იყო, როგორც გუდნური, ასევე პირადი თვალსაზრისით. ეს შესანიშნავია, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა. როდესაც ამას გემოს გაუგებ, ყოველთვის მეტი გინდა!
დიახ, სტატისტიკურად, ეს სეზონი ჩემთვის საუკეთესოა. იქნება ეს ლიგა 1-ში, საფრანგეთის თასზე, ჩემპიონთა ლიგაზე... სამივე ტურნირში ძალიან კარგი ვიყავი. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო სეზონია. შემდეგ, იყო სეზონები, როდესაც ძალიან ვისიამოვნე, იქნება ეს „დორტმუნდში“ თუ 2020-2021 წლების სეზონში „ბარსელონაში“, მაგრამ ეს ჩემი კარიერის საუკეთესო სეზონია, რადგან ჩემპიონთა ლიგა და ყველა ის ტიტული მოვიგეთ, სადაც ვთამაშობდით. განსაკუთრებით სასიამოვნოა ჩემპიონთა ლიგის მოგება, თანაც, როცა საუკეთესო ფეხბურთელად გასახელებენ, ეს საოცარი განცდაა, რადგან ამ ტურნირზე სწორედ საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ.
პსჟ ოჯახივითაა. ამ გუნდში უფრო მეტ დროს ვატარებთ, ვიდრე ჩვენს ოჯახთან. კავშირები ყალიბდება. უკვე ორი წელია, ერთად ვმუშაობთ. ეს კარგია გუნდისთვის, თავდაჯერებულობას გვმატებს. ყველანი ვცდილობთ, ერთმანეთს რჩევები მივცეთ, ერთმანეთი წავახალისოთ, ძალისხმევა არ დავიშუროთ სხვებისთვის. ეს მნიშვნელოვანია და შედეგიც მოაქვს. ოჯახი ვართ. გავიმარჯვებთ თუ წავაგებთ, ერთად უნდა დავრჩეთ. მწვრთნელი გამუდმებით გვეუბნება, რომ გუნდი ვართ და ერთად უნდა ვითამაშოთ, ერთად ვირბინოთ, ერთად შევუტიოთ და დავიცვათ თავი“, - თქვა დემბელემ.