ჩოგბურთი

23:40 | 3.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა და უიმბლდონს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს მეორე წრეში, 1/32-ფინალში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ ლორენცო სონეგოსთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

შეხვედრა 3 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა და სონეგომ ოთხ სეტში, 6:1, 6:3, 6:7, 7:6 მოიგო. ბასილაშვილს პირველ სეტში ძალიან გაუჭირდა და უშანსოდ იყო, მეორე სეტში უკეთ ითამაშა, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემები მეტოქეს მაინც ვერ შეუქმნა.

მესამე სეტიდან ქართველი ჩოგბურთელი გაცილებით უკეთ ათამაშდა და საბოლოოდ, სეტი ტაიბრეიკზე (7:3) მოიგო, რითაც თამაშში დარჩენა მოახერხა. მეოთხე სეტშიც ნიკოლოზი კარგად ირჯებოდა, ახლოსაც იყო ბრეიკთან, მაგრამ მე-11 გეიმში, 5:5-ზე თავისი ჩაწოდება წააგო, რითაც სიტუაცია გაირთულა. სამაგიეროდ, მომდევნო გეიმში თვითონ შეასრულა უკუბრეიკი, როცა ორჯერ მეტოქის მატჩპოინტი მოიგერია. მეოთხე სეტშიც ყველაფერი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ბასილაშვილი 4:3 დაწინაურდა და ორჯერ აწვდიდა, მაგრამ სამწუხაროდ, ორივე ჩაწოდება წააგო, შემდეგ მეტოქის ორი ჩაწოდებაც და გათამაშება 4:7 დათმო, შესაბამისად, შეხვედრაც.

ბასილაშვილმა 5 ეისი შეასრულა და 9 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო მეტოქეს 11 ეისი და არცერთი ორმაგი. იტალიელმა 30 ვინერსი მიითვალა, 17-ჯერ უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო ნიკოლოზის აქტივში 41 ვინერსი იყო, მაგრამ 58 უნებლიე შეცდომაც, რაც ბევრია.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში კვალიფიკაციის მოგების შედეგად მოხვდა და პირველ წრეში მეშვიდე ნომერი, იტალიელი ლორენცო მუზეტიც დაამარცხა. ქართველმა რეიტინგში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და 107-ე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.170558
სარეკლამო ადგილი - 99
X x X