ჩოგბურთი

19:10 | 1.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი: "ჩემს ასაკში ასეთი რაღაცის გაკეთება სრული სიგიჟეა"

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის 1/64-ფინალში ლორენცო მუზეტისთან გამარჯვების შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის ამ ასაკში უიმბლდონზე დაბრუნება და გამარჯვების მოპოვება დიდი მიღწევაა:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ლორენცოს წინააღმდეგ გამარჯვება ბევრს ნიშნავს. ვიცი, რომ ის დღეს 100%-ით კარგად ვერ გრძნობდა თავს, მაგრამ ჩემთვის მოგება მაინც ძალიან რთული იყო. ეს ნამდვილი ბრძოლა იყო. მიხარია, რომ მესამე სეტში მარცხს გადავურჩი და თამაში მოვიგე. მესამე სეტში, ნამდვილად ვერ ვკონცენტრირდი. უბრალოდ რეაქციით ვთამაშობდი, ბურთზე რეაგირებით. ფიზიკურად დატვირთული მატჩი იყო და მიხარია, რომ ჩემმა სხეულმა კარგად გაუძლო. ასე რომ, მართლაც რთული მატჩი იყო და ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით.

წლების წინ მე-16 ნომერი ვიყავი და 5 ტიტული მოვიგე. საკმაოდ კარგი კარიერა მქონდა, მაგრამ მარჯვენა იდაყვზე ოპერაცია გამიკეთეს. ამის შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწია. რეიტინგი მთლიანად ჩამივარდა. ვაილდ ქარდებს ვეღარ ვიღებდი, ამიტომ მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპებზე მონაწილეობის მიღება მრჩებოდა. მერე ნელ-ნელა გადავედი ჩელენჯერებზე. და აი, აქ ვარ - უიმბლდონზე, სადაც უკვე მეორე წრეს მივაღწიე. ასე რომ, ჩემს ასაკში ასეთი რაღაცის გაკეთება სრული სიგიჟეა. ეს გამომივიდა და ამაყი ვარ საკუთარი თავით. მოუთმენლად ველი შემდეგ მატჩებსაც“, - თქვა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ლორენცო მუზეტის ოთხ სეტში, 6:2, 4:6, 7:5, 6:1 აჯობა. 1/32 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი კიდევ ერთ იტალიელ მეტოქეს დაუპირისპირდება, ამჯერად ლორენცო სონეგოს. შეხვედრა 2 ივლისსა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.158489