ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ძირითად ბადეში გამოსვლა შესანიშნავად დაიწყო და პირველივე წრეში აშკარა ფავორიტი, ლორენცო მუზეტი დაამარცხა.
იტალიელი ATP რეიტინგში მეშვიდეა და ტურნირზეც ამ ნომრადაა განთესილი, ხოლო ბასილაშვილი ტურნირზე განუთესავია, სადაც კვალიფიკაციიდან მოხვდა და რეიტინგშიც მხოლოდ 126-ე ადგილზეა. თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლოზმა ბოლო პერიოდის ყველაზე გამორჩეული თამაში აჩვენა.
ბასილაშვილმა მუზეტის ოთხ სეტში აჯობა, 2 საათსა და 27 წუთში. პირველი სეტი ქართველმა ადვილად მოიგო, 6:2, მეორე სეტში იტალიელმა იმძლავრა (6:4) და ანგარიში გაათანაბრა. ყველაზე დაძაბული მესამე სეტი იყო, რომელიც ბასილაშვილმა 7:5 მოიგო, ხოლო მეოთხე სეტში ქართველი უბრალოდ უშეცდომო იყო, მეტოქეს ერთადერთი გეიმი დაუთმო და 6:1 აჯობა.
ბასილაშვილმა 15 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მეტოქეს 6 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ნიკოლოზმა მეტოქეს ვინერსებში აჯობა (48-21) და მთლიანობაში გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა.
1/32 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი კიდევ ერთ იტალიელ მეტოქეს დაუპირისპირდება, ამჯერად ლორენცო სონეგოს. შეხვედრა 2 ივლისსა ჩანიშნული.