ვინ მოსთვლის წელიწადის ამ დროს, თითქმის ყოველ ზაფხულს რამდენჯერ გვითქვამს ან დაგვიწერია შიშითა და იმედებით სავსე სიტყვები: „ნეტა წლეულს რას იზამენ ჩვენი კლუბები ევროტურნირებზე?“ ეს ის კითხვაა, რომელიც 30 წელზე მეტია ჩვენს თავზე ჰკიდია დამოკლეს მახვილივით და ცოცხალი თავით არ გვინდა აღიარება, რომ მიუხედავად ამდენი მარცხისა და გულისტკენისა, ქართველი გულშემატკივრები მაინც ცალსახად ოპტიმისტებად დავრჩით. მერე რა რომ რეალურად არაფერს ემყარება ეს ოპტიმიზმი!
ცოტა ხნის წინ იყარა კენჭი სამივე ევროტურნირზე და უკვე ვიცით, თუ ვინ იქნებიან ჩვენი გუნდების მეტოქეები. ჩემს ბავშვობაში, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ამ დროს დიდი სჯა და კამათი იყო იმაზე თუ ვინ რას იზამდა, იყო გარჩევა და პროგნოზების რახა-რუხი. ზოგი საერთოდ დაუჯერებლად შორსმიმავალ სისულელეებს აბრეხვებდა, მაგრამ მაშინ საუბრის იქით კიდევ იყო რაღაც, რაც ყალბ იმედებს გვაძლევდა. ახლანდელი ჩვენი ოპტიმიზმი კი საერთოდ არაფერს ემყარება და საუბარიც გვიჭირს, რას იზამენ ჩვენი გუნდები. ამის მიუხედავად, ზის მავანი ქართველი ქომაგი და ფიქრობს: „იქნებ წლეულს მაინც მოხდეს სასწაული, იქნებ ახლა მაინც გაიხსნას ცა?!“.
„ცა“ ერთხელ უკვე „გაიხსნა“, მაგრამ 2004 წელს თბილისის „დინამოს“ მიერ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპამდე მიღწევა ვერც რაიმეში გამოვიყენეთ და კაცმა რომ თქვას, არც გვიცდია ამ შემთხვევითი წარმატების შემდგომში გამეორება. ყოველ შემთხვევაში, მე პოზიტიურ მცდელობას არ ვეძახი იმას, რაც იგივე თბილისის „დინამოს“ შემდგომში დაემართა და ჩამოხრჩობილის ეზოში ნაპონი თოკივით, არაფრის დიდებით გვინდა იმ შეხვედრების გახსენება.
ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის წაღმა-უკუღმა ისტორია ძირითადად ე.წ. „ერთწლიან გუნდებზე“ დგას. ყოველ წელს თუ არა რამდენიმე წელიწადში ერთხელ მაინც რომელიმე ქართული კლუბი სახელმწიფოსთან თუ ბიზნესთან თანამშრომლობით იშოვის ორ თეთრს, მოაწესრიგებენ იავარქმნილ ინფრასტრუქტურას, იყიდიან რამდენიმე უცხოელ ფეხბურთელს, დროულად დაიწყებენ ხელფასების გაცემას და მორჩა! მთელი ქვეყანა ამ გუნდზე საუბრობს, ამ გუნდის პრეზიდენტს შესციცინებს ყველა და აზრს ეკითხებიან ფეხბურთიდან დაწყებული, მსოფლიო პოლიტიკით დასრულებული.
ამის შემდეგ მტერიც და მოყვარეც ელოდება მომავალ ზაფხულს, რომ ამ გუნდმა ევროტურნირებზე ქნას რაიმე ხელშესახები. თუმცა, უკვე სამწუხარო და გასახსენებლად მძიმე ტრადიციად ჩამოყალიბდა ამ ერთწლიანი გუნდების ევროტურნირების პირველ, მაქსიმუმ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნა. ერთ დროს ნაქები კლუბი და მისი ხელმძღვანელობა უმალ ხდებიან ქვეყნის მტრები და ამომგდებნი.
შემდეგ სეზონში სხვა გუნდი გააჩენს ყალბ იმედებს, მერე კიდევ სხვა და ასე, გადის წლები, ბერდება ძველი თაობის ქომაგი, გულს იცრუეებს ახალგაზრდობა და მერე მავანი „ერის მოჭირნახულე“ გამოვა და მენტორული ტონით იკითხავს: „რატომ არ დადის ხალხი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე?“.
ლოგიკა უძლურია, როდესაც ადამიანს და განსაკუთრებით კი მთელს ერს რამის უაპელაციოდ სჯერა და ეიმედება. ასე იყო ადრე და ასეა ახლაც. ივლისში სანამ ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპი დაწყებულა, გულისგულში ალბათ ყველაზე ნიჰილისტ ქართველსაც კი აქვს თუნდაც მცირე იმედი, რომ რომელიმე ქართული კლუბი გაარღვევს „დანავსულ წრეს“, გააღწევს ჯგუფურ ეტაპზე და საკლუბო ფეხბურთის ინტერესი მინიმუმ 2026 წლის იანვრამდე გვექნება. გამოგიტყდებით, ნაწილობრვ მეც ამ ადამიანების შორის ვარ და რომ ვფიქრობ, თავად მიკვირს საკუთარი იმედების. რატომ? ალბათ იმიტომ რომ მეც ქართველი ვარ!..