საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი აბუაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში პორტუგალიასთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.
„მეორე ტაიმში უფრო მოტივირებულები გამოვდივართ, სხვანაირი ხასიათით და ვფიქრობ, ხვალაც იგივე იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ხასიათი და ერთობა ვაჩვენოთ, რაც ამ ნაკრებს ყოველთვის ჰქონდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ.
როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, მხოლოდ დაცვაში ყოფნას არ ვაპირებთ, ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. მთავარი ისაა, რომ ერთმანეთის რწმენა გვაქვს, ერთმანეთის გვჯერა და ვაპირებთ, რომ ეს დიდი ისტორია ერთად დავწეროთ.
რთულია ამ ინტენსივობით თამაში, მითუმეტეს ყოველ სამ დღეში. იგივე თამაშს ველოდებით ხვალაც, მზად ვართ, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ვიცით მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეებიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალ მოვიგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ“, - თქვა აბუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 17 ივნისს, ქალაქ ტრენჩინში, პორტუგალიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
სოფო ერქვანია ჟილინადან







