ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" კარის დარაჯი ალისონ ბეკერი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა, სადაც ბრაზილიელმა კომენტარი მის სამომავლო გეგმებზე გააკეთა. ალისონის თქმით, ახლა მის კარიერაში მნიშვნელოვანი მომენტი დგება.
"ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი მომენტი დგება, მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და მინდა მხოლოდ ამაზე ვიყო კონცენტრირებული. ამიტომ საკლუბო კარიერის მხრივ ყველაფერი მოგვარებული უნდა იყოს. "ლივერპულთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს, თუმცა ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რის მიხედვითაც კლუბს აქვს საშუალება კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გამიხანგრძლივოს. როგორც ჩემთვის ცნობილია ხელმძღვანელობა ამ პუნქტის გამოყენებას აპირებს. არასდროს მიყვარს სამომავლო გეგმების გათვლა, თუმცა ახლა გარკვეული გეგმები ნამდვილად გამაჩნია." - განაცხადა ალისონმა.
ცნობისთვის, "ლივერპულმა" გიორგი მამარდაშვილი გასულ ზაფხულს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ვალენსიადან" შეიძინა. ქართველი მეკარე "მერსესაიდულ" კლუბს ოფიციალურად ზაფხულში შეუერთდება, სადაც ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის კონკურენცია ალისონტან მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ალისონი ამჟამად სანაკრებო შეკრებაზე იმყოფება, სადაც მისი ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს 11 ივნისს პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.