გიორგი ცინცაძემ ადრიატიკის ლიგაში მაკედონიური “მზტ სკოპიეს” მაისურით საწყისი 2 მატჩი ლამის შეუცვლელად ითამაშა, მე-3 ტურისთვის კი მუხლის ტრავმამ შეაწუხა და გუნდს ვეღარაფრით დაეხმარა.
ჩერნოგორიაში “ბუდუჩნოსთან” უშანსოდ წაგებულ (69:96) მატჩში ქართველი გამთამაშებელი განაცხადში კი იყო, თუმცა, მოედანზე გასვლის საშუალება არ ჰქონია. ანგარიშიდანაც სჩანს, რომ პოდგორიცაში გამართულ თამაშში სტუმრებს შანსი არ მისცემიათ.
ჩერნოგორიული პასპორტის მქონე ომარ კუკის და ეროვნული ნაკრების სხვა წევრების დახმარებით, “ბუდუჩნოსტმა” უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და მე-3 გამარჯვება იზეიმა, რისი წყალობითაც სატურნირო ცხრილში სერბულ “ცრვენა ზვეზდასთან” და სლოვენიურ კრკა-სთან ერთად გალიდერდა.
ცინცაძის არყოფნაში, მაკედონიური გუნდის რიგებში ივან მარინკოვიჩი (17 ქულა), ალეკსანდარ ცვეტკოვიჩი (13), ჯორდან დემუინკი (10) და ოუენ კლაასენი (10) გამოირჩნენ, “მზტ სკოპიე” კი 1 მოგებით და 2 მარცხით 14-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზეა.
ქართველი კალათბურთელის კლუბს მომდევნო შეხვედრა 18 ოქტომბერს, შინ, უნგრულ “შოლნოკთან” ელის. მანამდე, 15 ოქტომბერს სკოპიელები მაკედონიის ჩემპიონატის პირველი ტურის ეგიდით “ფენი ინდისტრიას” დაუხვდებიან.