მალხაზ ხარბედიას ადამიანები უყვარდა. წიგნებიც ისეთი მოსწონდა სადაც ბევრი გმირია, ბევრი მოქმედებაა, ჩხუბია, სიყვარულია, სიცოცხლე და სიკვდილია. მისი წიგნებიც ასეთი იყო. ხალხით სავსე. ფეხბურთშიც ისეთ გუნდებს და ფეხბურთელებს ქომაგობდა, რომელთაც რაიმე ჰქონდათ მოსაყოლი, სათქმელი, გადასაკეთებელი და თავადაც ატარებდნენ თავსგადამხდარ ისტორიებს.
ყალბი პათეტიკა არ უყვარდა, პათეტიკურ სადღეგრძელოებს კი საშინლად ვერ იტანდა. განსაკუთრებით არ უყვარდა, როცა ვინმე აქებდა და ეს ქება იყო გრძელი და დაუსრულებელი. ამიტომაც შეუძლებელია არ წარმოიდგინო ოდნავ მოჭუტული თვალებით როგორ კითხულობს თუნდაც ამ წერილს, როგორ ამოგვხედავს ირონიული მზერით და გვეტყვის, რომ სიტყვების რახარუხს ჯობს იმაზე ვწეროთ, რომ საქართველო არ დგას სწორ გზაზე და ეს გზა საბოლოოდ არსად მიდის გარდა უხეში, დიდი და ყველასთვის კარგად ნაცნობი ბოროტებისა...
უყვარდა მდინარე და ტყე. განსაკუთრებით მდინარე ვერე, რომლის ნაპირზეც გაიზარდა და რომელსაც ეძახდა „ვერა რეჩკას“. შეეძლო სათობით ელაპარაკა ამ მდინარის სათავიდან მტკვართან შეერთებამდე ყველა მონაკვეთზე, მდინარის ყველა ადიდებაზე, ჩაბეტონებაზე და იმ საშინელებაზე, რაც ამ მდინარეს თბილისის არასწორმა განაშენიანებამ დამართა.
ძალიან უყვარდა სამეგრელო და მისი დედულეთი - რაჭა. რაჭა უყვარდა და ეცოდებოდა, ტყეების მასობრივი ჭრისა და მოსახლეობისგან დაცლის გამო. „უპატრონო ბოვშივითაა რაჭა“- ამბობდა. „ღვინის კლუბმა რაჭაში რამე მაგარი უნდა გააკეთოს. რამე ისეთი, რაც ბომბივით იქნება და ხალხს სხვა თვალით დაანახებს ამ მხარეს“, - მითხრა ერთხელ. სამეგრელოში კი ხმა ეცვლებოდა, „მეგრელდებოდა“ და ცდილობდა ყველასთან მეგრულ კილოზე ელაპარაკა.
მახოს დიდი სიყვარული იყო ფეხბურთი და ცხადია, საქართველოს ნაკრები. გიჟდებოდა ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ქინქლაძეზე, უყვარდა თემურ ქეცბაია და თბილისის „დინამოს“ 1981 წლის თაობა, რომლის ხსენებისას აუცილებლად ახსენებდა მამამის იურის, რომელიც ფეხბურთის დიდი ქომაგი იყო და სწორედ მას დაჰყავდა სტადიონზე პატარა მახო. დეტალურად შეეძლო გაეხსენებინა მამასთან ერთად „დინამოს“ სტადიონზე ნანახი ყველა თამაში და ის ემოციები, რაც ამ მატჩებმა მოიტანა.
მახოს ფეხბურთის სიყვარულზე როცა ვლაპარაკობთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და მისი ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიოსონი. იგივე „ფერგი“, „ბებერი სქოთი“, „ალექსა პაპა“, „ლექსო“ - როგორც მახო ეძახდა. თუ გინდოდა მახოს გულის მოგება, ორი ტკბილი სიტყვა უნდა გეთქვა ფერგიუსონზე და დაგეგმო „მანჩესტერ სიტი“, რომელიც მახოს განსაკუთრებით არ უყვარდა და „გიო ქინქლაძე იმ ჯოჯოხეთში რამ წაიყვანაო“ - ამბობდა.
მალხაზ ხარბედია იყო დიდი ადამიანი. მაგარი მწერალი, გულიანი მეღვინე და ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი. ერთი ისაა, რომ ამას ვერასოდეს ვეტყოდით თავად მახოს, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, სძულდა ქება.
მახო ნამდვილად დააკლდება ჩვენს ქვეყანას. დაჯერებაც კი რთულია, რომ დღეს, 7 ივნისს, მალხაზ ხარბედია (ჟურნალ „არილის“ მთავარი რედაქტორი, „ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი, „ახალი ღვინის ფესტივალის" დამფუძნებელი, მწერალი, კრიტიკოსი) 50 წლის ასაკში უნდა მივაბაროთ მისი საყვარელი თბილისის მიწას. მიწას, რომელზეც ამდენს წერდა და ასე ტკიოდა...