ლუკა მოდრიჩი კარიერას უდიდესი ალბათობით „მილანში“ გააგრძელებს. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „როსონერის“ ხელმძღვანელობა ძალიან ახლოსაა ფეხბურთელის დამატებასთან.
მეტიც, „მილანში“ იმედი აქვთ, რომ გარიგებას უახლოეს საათებში დაასრულებენ და 39 წლის ხორვატი იტალიური გუნდის წევრი გახდება. მოდრიჩი „რეალს“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დაეხმარება, შემდეგ კი, კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, შესაბამისად, „მილანს“ უფასოდ შეუერთდება.
ლუკა მოდრიჩმა 2012 წლიდან მადრიდის „რეალის“ რიგებში ჩატარებულ 591 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 95 საგოლე პასი მიითვალა. მან ესპანურ გრანდში 27 ტიტული მოიგო: 4-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 2-ჯერ ესპანეთის თასი, 5-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 6-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 5-ჯერ ევროპის სუპერთასი და ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი. ასევე, გახდა ოქროს ბურთის მფლობელი.






