„ემპოლიში“ საბა გოგლიჩიძის მომავალი ბუნდოვანია. დიდი შანსია, საქართველოს ნაკრების მცველმა იტალიური გუნდი დატოვოს.
სწორედ ამაზე წერს Pianetaempoli წერილში კონკრეტული კლუბები დასახელებული არაა, მაგრამ წერია, რომ იტალიიდან, პრემიერლიგიდან და ბუნდესლიგიდან არსებობს ინტერესი, ხოლო „ემპოლის“ საწყისი მოთხოვნა 8 მილიონი ევრო იქნება.
„საბა გოგლიჩიძე სეზონის პირველი ნაწილის ერთ-ერთი სიურპრიზი იყო. შარშან ჩამოვიდა მცირე თანხის სანაცვლოდ, „ემპოლის“ ყოფილი ფეხბურთელის, ლევან მჭედლიძის შუამავლობით, თავიდან ქართველი მცველი პრიმავერაში ბირინდელისთან თამაშობდა, სანამ პირველი გუნდის სტაბილური წევრი გახდებოდა. ვალუკიევიჩის „ტორინოში“ გაყიდვის შემდეგ სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეებში დ’ავერსამ ის ძირითად შემადგენლობაში დააყენა, როგორც მარჯვენა ცენტრალური მცველი სამკაციან დაცვაში ისმაილისა და ვიტისთან ერთად.
როგორც ბევრი სხვა თანაგუნდელის შემთხვევაში, საბას სათამაშო დონე მეორე წრეში დაეცა. არ ჰქონია ტრავმები, მაგრამ სატრანსფერო ჭორებმა მასზე გავლენა იქონია. „რომას“ სურდა მისი გადაბირება, თუმცა, იანვრის სატრანსფერო ბაზრის ბოლო საათებში რომაელებმა უარი თქვეს. გოგლიჩიძესაც ჩავარდნა დაეწყო, რის გამოც ნაკლებად დადებითი მატჩები ჰქონდა. მხოლოდ სეზონის ბოლოს მოახერხა ნაწილობრივ ფორმაში შესვლა, თუმცა ისეთი ბრწყინვალე ვერ იყო, როგორც სეზონის პირველ წრეში.
გოგლიჩიძეს „ემპოლისთან“ კონტრაქტი არ ეწურება და კლუბს მისი მომავლის დაგეგმვა ყოველგვარი წუხილის გარეშე შეუძლია. თუმცა, არსებობს განცდა, რომ ერთ-ერთია, ვინც „ემპოლის“ დატოვებს. შეთავაზებები ადრე თუ გვიან, მოვა, რადგან ბიჭი ნიჭიერია და მრავალი იტალიური თუ უცხოური კლუბის სამიზნე გახდა. საბას ყველგან ყავს თაყვანისმცემლები, ბუნდესლიგიდან პრემიერლიგამდე, ასევე იტალიაში, სადაც რამდენიმე გუნდს შეუძლია შეთავაზების გაკეთება. მისი ღირებულება დაახლოებით 8 მილიონია და სავარაუდოდ, სწორედ ამ საწყისი ფასიდან განიხილავს „ემპოლი“ ნებისმიერ შეთავაზებას“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ სერია A-ს სეზონი 33 მატჩით და 1 საგოლე პასით დაასრულა. მან სამჯერ იტალიის თასზეც ითამაშა.