ფეხბურთი

2:10 | 2.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფინალი: პსჟ-ს ტრიუმფის ფაქტები და სტატისტიკა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერი“ 5:0 გაანადგურა და ისტორიაში პირველად მოახერხა სანუკვარი ტიტულის მოგება.

ფრანგულმა კლუბმა მილანურ გუნდს მაგრად აჯობა და საოცარი თამაში აჩვენა. მიუნხენში გამართულმა ფინალმა საინტერესო სტატისტიკური ფაქტები დაუტოვა ისტორიას.

ფინალის რეკორდები და ფაქტები

ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა, ხოლო მეორე (კახა კალაძის შემდეგ), ვინც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

პსჟ პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალი ხუთბურთიანი სხვაობით მოიგო, ხოლო თავის მხრივ, „ინტერი“ პირველია, ვინც ასეთი სხვაობით დამარცხდა.

ლუის ენრიკე მე-6 მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო. ესპანელმა 2015 წელს „ბარსელონა“ და ახლა პსჟ გააჩემპიონა. მანამდე ეს მოახერხეს ჟოზე მოურინიომ, კარლო ანჩელოტიმ, ოტმარ ჰიტცფელდმა, პეპ გვარდიოლამ და იუპ ჰაინკესმა.

ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგულ-იტალიური ფინალი ისტორიაში მეორედ გაიმართა და ისევ ფრანგულმა გუნდმა მოიგო. დამთხვევაა ის, რომ 1993 წელს, „მარსელმაც“ მიუნხენში იჩემპიონა, „მილანის“ წინააღმდეგ.

„ტოტენჰემს“ უეფას თასი/ევროპა ლიგა სამჯერ აქვს მოგებული - 1972, 1984 და 2025 წლებში. საინტერესო დამთხვევაა, რომ ხსენებულ წლებში სხვა ტურნირზე, ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალი იტალიურმა გუნდმა წააგო (ინტერი, რომა, ინტერი).

სიმონე ინძაგი მე-9 მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ ორი ფინალი წააგო. ის შეუერთდა მარჩელო ლიპის (1 მოგება, 3 წაგება), იურგენ კლოპს (1 მოგება, 2 წაგება), მასიმილიანო ალეგრის (2 წაგება), ექტორ კუპერს (2 წაგება), ალექს ფერგიუსონს (2 მოგება, 2 წაგება), ფაბიო კაპელოს (1 მოგება, 2 წაგება), ლუის ვან გაალს (1 მოგება, 2 წაგება) და დიეგო სიმეონეს (2 წაგება).

მიუნხენში ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალს ყოველთვის ის გუნდი იგებს, რომელსაც ეს თასი არასდროს ჰქონდა მოგებული. „ნოტინგემმა“, „მარსელმა“, „დორტმუნდმა“, „ჩელსიმ“ და ახლა პსჟ-მ ჩემპიონთა თასი/ლიგა ისტორიაში პირველად მიუნხენურ ფინალში მოიგეს. სხვა შემთხვევაში მიუნხენში ფინალი არც გამართულა.

„ინტერი“ პირველი გუნდია 1962 წლის შემდეგ, რომელმაც ამ ტურნირის ფინალში 5 გოლი გაუშვა. მანამდე ეს „რეალს“ დაემართა, რომელიც 63 წლის წინ „ბენფიკასთან“ 3:5 დამარცხდა.

ფრანგულ კლუბებს ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში ჯამში აქამდე 4 გოლი ჰქონდათ გატანილი (3 - რეიმსს, 1 - მარსელს), ხოლო პსჟ-მ მხოლოდ ამ ფინალში გაიტანა უფრო მეტი გოლი (5).

დეზირე დუე პირველია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამ გოლში უშუალო მონაწილეობდა - ორი გოლი და საგოლე პასი. ის მე-6 ფეხბურთელია, ვინც ფინალში გოლიც გაიტანა და პასიც გააკეთა, მაგრამ ყველაზე ახალგაზრდაა, მათ შორის, ვინც ეს მოახერხა.

ფრანგული კლუბის მაისურით ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს აქამდე ერთ სეზონში 14 გოლში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. პირველმა ეს უსმან დემბელემ შეძლო - 8 გოლი, 6 საგოლე პასი.

პსჟ-მ „ინტერთან“ საწყის 20 წუთში ორი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ერთმა გუნდმა საწყის 20 წუთში ორჯერ გაიტანა.

"ინტერმა" ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალი ისტორიაში მეოთხედ წააგო და ოთხივე შემთხვევაში მის წინააღმდეგ გამარჯვებულმა გუნდმა თავის ისტორიაში პირველად შეასრულა ტრებლი: "სელტიკი" (1967), "აიაქსი" (1972), "მანჩესტერ სიტი" (2023) და "პარი სენ-ჟერმენი" (2025).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.165933