ძალიან რთული იქნება ჯაბა კანკავა საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფებურთელთა თუნდაც ოცეულში შევიყვანოთ. ამის მიუხედავად, ამ კაცს ჩვენში განსაკუთრებულად აფასებენ და პატივს სცემენ პირველყოვლისა მისი პირადი თვისებების და ღირსების გამო, რაც არაერთხელ გამოავლინა ჩვენი ნაკრების მრავალწლიანი კაპიტნობისას. სწორედ ამიტომაც, მიუღებელი და განსაკუთრებულად სამარცხვინოა გორში მომხდარი შემთხვევა, როდესაც ჩვენს ვეტერან კაპიტანს გარდაცვლილი დედა უგინეს და ამ ქცევით სრულიად ქართულ საფეხბურთო საზოგადოებას მოჭრეს თავი.
რთულია რეგვენ ფსევდოქომაგს აუხსნა, რომ მის მიერ შეურაცხყოფილმა ჯაბამ წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტნის სამკლაური ღირსეულად ატარა. მის თავდადებასა და პროფესიონალიზმს ევროპაშიც აფასებენ და ვისაც ჯაბა ახსოვს, ამ კაცზე აუგს არასოდეს იტყვის. ამ გინებით ჯაბას ავტორიტეტს არაფერი დააკლდება, საქართველოს კი ნამდვილად არ წაადგება ეს და ამგვარი საქციელი.
მავანი იტყვის, რომ ფეხბურთში გინება ჩვეულებრივი ამბავია და თამაშის შედეგით ან მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელის გარჯით უკმაყოფილება და ემოციები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მატჩებში, ხშირიაო, მაგრამ ახლა სულ სხვა ეპოქაა. მთელს მსფლიოში ქომაგიც „გაიზარდა“ და საგულშემატკივრო ტრადიციაც დაიხვეწა. გინება და შეურაცხყოფა ახლა არასდროსაა მისაღები არც ერთი ღირსეული ქომაგისთვის და მსგავსი ქმედებები გულშემატკივართა მხრიდან სირცხვილია როგორც სპორტული საზოგადოებისთვის, ასევე ქვეყნის იმიჯისთვის.
დიახ, ევროპულ ფეხბურთში ზოგჯერ ახლაც აგინებენ ფეხბურთელებს და შეურაცხყოფას აყენებენ როგორც სტადიონზე, ისე სოციალურ ქსელებში. ასეთი ქცევა ხშირად უკავშირდება ზედმეტ ემოციებს, გუნდის წარუმატებლობას ან კონკრეტული მოთამაშის თამაშით უკმაყოფილებას. თუმცა, ევროპულ ქვეყნებში მსგავსი ქმედებები, როგორც წესი, მკაცრად არის დაგმობილი, ზოგ შემთხვევაში კი – დასჯადიც.
კლუბები და ფეხბურთის ორგანიზაციები აქტიურად ებრძვიან ასეთ საქციელს და სწორედ ამიტომაც, ის რაც ადრე ასე ხშირი იყო, დღეს იშვიათ გამონაკლისად იქცა.
ჯაბას შეურაცხყოფენ იმის მაგივრად რომ პატივი ვცეთ და გვიხაროდეს საქართველოს არცთუ ძლიერ ჩემპიონატში ჯაბასნაირი ფეხბურთელის დაბრუნება. სწორედ მისგან უნდა ვსწავლობდეთ და მაგალითს ვიღებდეთ.
ვიცით და ვხედავთ, რომ ჩვენს კლუბებს ხშირად არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი ინფრასტრუქტურის, მოთამაშეების განვითარებისა და ხარისხიანი ლეგიონერების მოსაზიდად. სტადიონებისა და საწვრთნელი ბაზების მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში არასაკმარისია თანამედროვე სტანდარტებისთვის. მწვრთნელებისა და ტექნიკური პერსონალის განვითარება ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევაა. ამის გამო, ნიჭიერი ფეხბურთელები ხშირად ტოვებენ ჩემპიონატს კარიერის დასაწყისშივე, რაც ჩვენს ეროვნულ ლიგას კიდევ უფრო ასუსტებს. და ასეთ ვითარებაში ნორმალური გამოცდილი ფეხბურთელი რომ სურვილს გამოთქვამს საფეხბურთო კარიერა სამშობლოში დაასრულოს, დასაფასებელზე მეტიც კია. ის ვიღაც ოტროველა კი ადგა და აგინა!
ჯაბა დიდხანს ალბათ ვეღარ ითამაშებს და როცა იქნება, მოუწევს კარიერის დასრულება, თუმცა ფეხბურთი ისე უყვარს, მეეჭვება, ფეხბურთისგან ძალიან შორს წავიდეს. მწვანე მინდორზე მის ადგილს სხვები, იმედია, ჯაბაზე უკეთესი ახალგაზრდები დაიკავებენ. ჰოდა, ასევე იმედია, მომავალში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე იმ მაგინებლის სკამზეც გაწონასწორებული და მართლა მშობლიური კლუბის ქომაგი დაჯდება...