როგორც ბოლო საათების ცნობებით მოსალოდნელი იყო: ანტონიო კონტე „ნაპოლიში“ დარჩა. ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ოფიციალურად დაადასტურა.
„ჩვენ ვაგრძელებთ, უფრო ძლიერები, ვიდრე ადრე“, - დაწერა სოციალურ ქსელში დე ლაურენტისმა და ასე დაუდასტურა ყველას, რომ კონტე გუნდიდან არ მიდის.
ანტონიოს დაბრუნება „იუვენტუსს“ სურდა, თითქოს, თავიდან 56 წლის სპეციალისტიც თანახმა იყო, მაგრამ ბოლო ორი დღის განმავლობაში დე ლაურენტისთან მოლაპარაკებების შემდეგ აზრი შეიცვალა. მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
დე ლაურენტისი კონტეს ზაფხულში გუნდის გაძლიერებას და მაღალი დონის ფეხბურთელების შეძენას დაჰპირდა. მუშაობა უკვე დაწყებულია, რადგან „ნაპოლიში“ გადაწყვეტილია კევინ დე ბრუინის გადასვლა, ასევე, იტალიელები ახლოს არიან ჯონათან დევიდის გაფორმებასთან. საინტერესოა, რომ ორივე ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია, თუმცა ძალიან მაღალი კლასის. გარდა ამისა, „ნაპოლი“ 200 მილიონ ევრომდე დახარჯავს ბაზარზე. კონტემაც ამის შემდეგ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
თავის მხრივ, „იუვენტუსში“ კრიზისული ვითარებაა, კონტე მათთვის ერთადერთი ვარიანტი იყო, რომლის ჩავარდნას როგორც ჩანს, სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი შეეწირება, რომელსაც „იუვე“ პოსტიდან გათავისუფლებას უპირებს.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ „ნაპოლის“ ისტორიაში მეოთხე სკუდეტო მოაგებინა.






