„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უეფას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი გუნდის გამოსვლაზე ისაუბრა.
მან გაიხსენა ფაზის ეტაპი, როცა პსჟ-ს ძალიან გაუჭირდა, ხაზი გაუსვა, თუ რამდენად რთული კალენდარი ჰქონდათ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგის მოგება მთავარი მოტივაციაა.
ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს სეზონის დასაწყისი
„თუ გავაანალიზებთ ყველაფერს, რაც ჩემპიონთა ლიგაში ამ სეზონში მოხდა, ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი თრილერი ან საშინელებათა ფილმი გამოვიდოდა, რადგან მასში ყველაფერი იყო. ლიგის ფაზის ყველა მატჩში, განსაკუთრებით საშინაო მატჩებში, უკეთეს შედეგებს ვიმსახურებდით, მაგრამ ამას უბრალოდ ვერ მივაღწიეთ. ჩვენი მხრიდან შეტევის დაგვირგვინება თითქმის სასაცილო იყო - ძალიან იშვიათია ამ დონის გუნდის ნახვა ასეთი დაბალი ეფექტურობით. სატურნირო ცხრილი ერთ რამეს აჩვენებდა, ჩვენ კი სულ სხვა რამეს ვგრძნობდით. ვხედავდით, რომ გუნდი კარგად თამაშობდა“.
გარდამტეხი მომენტი, რამაც ყველაფერი შეცვალა
„როგორც კი ყველა სტაბილური გახდა და კარის წინ სიმშვიდე მოვიპოვეთ, ვფიქრობ, გუნდმა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. გავაგრძელეთ გაუმჯობესება, ზრდა. უნდა ვიამაყოთ მიღწეულით. თუმცა, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, რადგან ჩვენი მიზანი ისტორიის შექმნაა. ძალიან სტაბილურები ვიყავით ჩვენი თამაშის სტილის, შედეგების თვალსაზრისით. თუ სტატისტიკას გადახედავთ, დაინახავთ გუნდს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მეტოქეს ჯობდა, მეტ შანსს ქმნიდა, ნაკლებ გოლს უშვებდა, მაგრამ უბრალოდ იმ პერიოდში საგოლე მომენტებს ვერ ვიყენებდით“.
ჩემპიონთა ლიგაზე რთული კალენდარი
„სტუმრად ვითამაშეთ „ბაიერნთან“ და „არსენალთან“, შემდეგ კი ნახევარფინალში ისევ „არსენალთან“. სახლში ვითამაშეთ „ატლეტიკოსა“ და „მანჩესტერ სიტისთან“. მერვედფინალში კი „ლივერპულის“ წინააღმდეგ - ეჭვგარეშეა, რომ იმ დროს ევროპის საუკეთესო გუნდი იყო და ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო. ასე რომ, ჯერ კიდევ ლიგის ფაზაში პლეი-ოფის მატჩებს ვთამაშობდით“.
პსჟ-ს ევოლუცია
„გუნდის ცვლილებები და ევოლუცია აშკარაა. ჩვენი მიზანი იყო თანდათანობით შეგვექმნა რაღაც განსხვავებული, რაღაც განსაკუთრებული, რაღაც, რაც მოთამაშეებს მიიზიდავდა და პარიზში ჩამოსვლის სურვილს გაუჩენდა. სწორი ტრანსფერები უნდა გაგვეკეთებინა. გვჯეროდა იმ მოთამაშეების პროფილის, რომლებსაც ვეძებდით, როგორებიც იყვნენ ვილიან პაჩო, ჟოაო ნევეში და დეზირე დუე, ისინი ყველა გვეხმარებიან“.
ჩემპიონთა ლიგა, როგორც პრიორიტეტი
„ყველამ სრული ნდობა გამომიცხადა მას შემდეგ, რაც აქ მოვედი. არასდროს მიგრძვნია ტიტულების მოგების ზეწოლა. გასულ სეზონში ფინალში გასვლასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ნახევარფინალში გავვარდით. მოვიგეთ ლიგა 1, საფრანგეთის თასი და საფრანგეთის სუპერთასი, რაც ძალიან კარგი იყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა კლუბისთვის დიდი ხანია პრიორიტეტია. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც სამ ან ოთხ წელიწადში ტიტულების მოგებას გეგმავს. ეს იგივეა, რომ ჩემს სამშობლოში, ხიხონში, წვიმის შეწყვეტას ელოდო... ამიტომ მზად უნდა იყო, რაც შეიძლება მალე მოიგო“.
10 წლის წინ მოგებული ჩემპიონთა ლიგა
„მახსოვს დაუვიწყარი ბერლინის ფინალი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ. „ბარსელონაში“ პირველ წელს ამან ტრიპლეტისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი მოგვცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო კლუბისთვის, ფეხბურთელებისთვის და ჩვენთვის, როგორც პერსონალისთვის. ათი წლის შემდეგ, იგივე შესაძლებლობა გვაქვს. მჯერა, რომ ახლა უფრო მომწიფებული ვარ. თავს შესანიშნავად ვგრძნობ, თავს სრულყოფილად ვგრძნობ, როგორც მწვრთნელი და როგორც ადამიანი“.
ჩემპიონთა ლიგის მოგება - მთავარი მოტივაცია
„მჯერა, რომ ეს გუნდი და ეს ფეხბურთელები იმსახურებენ ამ ფინალს. გულშემატკივრები და კლუბი იმსახურებენ ჩემპიონთა ლიგის მოგებას. პსჟ ამას გააკეთებს, არ ვიცი, მოხდება თუ არა ეს 31 მაისს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ათწლეულში პსჟ ერთზე მეტ ჩემპიონთა ლიგის ტიტულს მოიგებს. მზად ვარ, ეს ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ მომავალში შეიძლება ამ კლუბში არ ვიყო, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ ვამბობ. იმედია, ჩვენ პირველები ვიქნებით, ვინც ისტორიას შევქმნით, რადგან ეს ჩემი მოტივაცია იყო პარიზში ფეხის დადგმის პირველივე დღიდან. ყველაზე მეტად მაძლევს მოტივაციას „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ისტორიის შექმნა, რისთვისაც აქ ჩამოვედი - ამ კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის მოგება. პირველი ტიტული ყოველთვის ყველაზე რთულია. ეს ესპანეთის პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის მსგავსია“.
„ინტერთან“ მომავალი ფინალი
„როგორც კი ერთი გოლი გავა, ჩამორჩენილი გუნდი ჩვეულებრივზე მეტ რისკზე წავა, რაც ცვლის ფინალისთვის თავდაპირველად მომზადებულ სტრატეგიას. ის მუდმივად იცვლება. ეს არის გახსნილი ფინალები, ფინალები, სადაც ორივე გუნდს შეუძლია გოლის გატანა და შედეგი შეიძლება შეიცვალოს, ისევე როგორც ეს ნახევარფინალში მოხდა [ინტერისა და ბარსელონას მატჩში]“.
„ინტერი“ - უფრო გამოცდილი
„ინტერი“ ჩვენზე უფრო გამოცდილი გუნდია - ორი წლის წინ ფინალში ითამაშა. ეს გამოცდილი გუნდია მწვრთნელით, რომელმაც უკვე იცის, როგორია ასეთ მატჩებში თამაში. „ინტერი“ ძალიან კარგად თამაშობს ბურთის ფლობისას და ასევე ძალიან კარგად იცავს თავს. ეჭვგარეშეა, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალის ღირსნი არიან“.
შეგახსენებთ, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ინტერთან“ 31 მაისს ელოდება. 15 ივნისიდან პსჟ უკვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზე „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ დაუპირისპირდება.