ფეხბურთი

1:20 | 26.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს ყველა ვერდიქტი: "იუვე" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, გოგლიჩიძის "ემპოლი" გავარდა

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ იტალიის სერია A-დან სერია B-ში გავარდა. ტოსკანურ გუნდს ბოლო ტურში შინ „ვერონასთან“ მოგება სჭირდებოდა, მაგრამ დამარცხდა.

„ემპოლი“ მეოთხე წუთზე ჩამორჩა ანგარიშში, გათანაბრება შეძლო ტაიმის ბოლოს, მაგრამ მეორე ნახევარში გამარჯვების გოლი ვერ გაიტანა, მეორეც გაუშვა და უქულოდ დარჩა, რაც ნიშნავს, რომ გავარდა, რადგან პარალელურად, „ლეჩემ“ რომში „ლაციო“ 1:0 დაამარცხა.

საბა გოგლიჩიძემ 82-ე წუთამდე ითამაშა. ქართველმა მცველმა სერია A-ს სეზონი 33 მატჩით და 1 საგოლე პასით დაასრულა. მან სამჯერ იტალიის თასზეც ითამაშა. უცნობია, დარჩება თუ არა, გოგლიჩიძე „ემპოლიში“, რომლის დატოვებასთან იანვარში ძალიან ახლოს იყო. „ემპოლიში“ ირიცხება საბა საზონოვიც, რომელსაც სეზონში ტრავმის გამო არ უთამაშია, მაგრამ ის იჯარითაა ამ გუნდის წევრი და ზაფხულში „ტორინოს“ უნდა დაუბრუნდეს.

„ემპოლის“ მომდევნო სეზონიდან სერია B-ში თამაში მოუწევს, არადა, დეკემბრისთვის ეს გუნდი სატურნირო ცხრილის შუაში იყო, მაგრამ მას შემდეგ საოცარი ჩავარდნა დაეწყო, რაც ფატალური გამოდგა.

სერია A-ს ბოლო ტურში გარდა ამისა, ირკვეოდა მეოთხე ადგილის ბედი, ანუ, ჩემპიონთა ლიგის საგზურის: „იუვენტუსი“, „რომა“ და „ლაციო“ იბრძოდნენ. ყველაზე ცოტა შანსი „ლაციოს“ ჰქონდა, რომელიც შინ „ლეჩესთან“ დამარცხდა და მეშვიდე ადგილს დასჯერდა - ლიგას ვინ ჩივის, ევროზონაშიც ვერ მოხვდა.

აი, „იუვესა“ და „რომას“ შორის დიდი ბრძოლა იყო. „რომამ“ სტუმრად „ტორინო“ 2:0 დაამარცხა და თავისი საქმე გააკეთა, ელოდებოდა, რომ „იუვე“ „ვენეციასთან“ სტუმრად ქულებს დაკარგავდა. „ბებერი ქალბატონი“ ძალიან ახლოს იყო ფეხის დაცდენასთან, რაც ოთხეულს მიღმა დატოვებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოიგო.

„ვენეცია“ მეორე წუთზე დაწინაურდა, თუმცა ზუსტად ნახევარ საათში უკვე ქენან ილდიზისა და რანდალ კოლო მუანის გოლებით ტურინელები იგებდნენ. მეორე ნახევრის სტარტზე „ვენეციამ“ გაათანაბრა და ოთხეულში ისევ „რომა“ დაბრუნდა. თუმცა, 73-ე წუთზე „იუვენტუსი“ მანუელ ლოკატელიმ პენალტით კვლავ დააწინაურა და დარჩენილ დროში იგორ ტუდორის გუნდმა უპირატესობა შეინარჩუნა, 3:2 მოიგო და 70 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.

ამრიგად, სერია A-ში ყველა ვერდიქტი ცნობილია:

„ნაპოლი“ ჩემპიონია, მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერი“, „ატალანტა“ და „იუვენტუსი“ გავიდნენ. ევროპა ლიგაზე „რომა“ და „ბოლონია“ ითამაშებენ, კონფერენს ლიგაზე - „ფიორენტინა“. სერია A-დან გავარდნენ „ემპოლი“, „ვენეცია“ და „მონცა“, ხოლო სერია B-დან აღზევდნენ „სასუოლო“ და „პიზა“, ხოლო მესამე გუნდის ვინაობას პლეი-ოფი გაარკვევს. საუკეთესო ბომბარდირი 25 გოლით „ატალანტას“ ფორვარდი მატეო რეტეგი გახდა.

სერია A-ს სატურნირო ცხრილი

1. ნაპოლი 38 24 10 4 59 27 32 82
2. ინტერი 38 24 9 5 79 35 44 81
3. ატალანტა 38 22 8 8 78 37 41 74
4. იუვენტუსი 38 18 16 4 58 35 23 70
5. რომა 38 20 9 9 56 35 21 69
6. ფიორენტინა 38 19 8 11 60 41 19 65
7. ლაციო 38 18 11 9 61 49 12 65
8. მილანი 38 18 9 11 61 43 18 63
9. ბოლონია 38 16 14 8 57 47 10 62
10. კომო 38 13 10 15 49 52 -3 49
11. ტორინო 38 10 14 14 39 45 -6 44
12. უდინეზე 38 12 8 18 41 56 -15 44
13. ჯენოა 38 10 13 15 37 49 -12 43
14. ვერონა 38 10 7 21 34 66 -32 37
15. კალიარი 38 9 9 20 40 56 -16 36
16. პარმა 38 7 15 16 44 58 -14 36
17. ლეჩე 38 8 10 20 27 58 -31 34
18. ემპოლი 38 6 13 19 33 59 -26 31
19. ვენეცია 38 5 14 19 32 56 -24 29
20. მონცა 38 3 9 26 28 69 -41 18
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.162176
სარეკლამო ადგილი - 99
X x X