ვერ ვიხსენებ საქართველოში ბოლოს როდის იყო ამხელა აჟიოტაჟი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ. ყველაფრის თავი და თავი ცხადია ისაა, რომ ფინალში ხვიჩა კვარაცხელიაც იქნება და აქედანვე ვიცით, რომ პსჟ-ის წარმატებისათვის არცთუ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ექნება ხვიჩა როგორ ითამაშებს.
ქართველის ამჟამინდელი კლუბი რაშიც ძალიან ჰგავს წინას - „ნაპოლის“, ისაა, რომ საქართველოში ამ ორიდან არც ერთი კლუბის ქომაგები ყოფილან მრავლად. ეს კი არადა, მე პირადად პსჟ-ის ქართველი გულშემატკივარი აქამდე არათუ არ მინახავს, არც კი მსმენია ასეთი ხალხის არსებობის შესახებ. ახლა კი დადიხარ თბილისში და ლამის ყოველ მეორეს პარიზული კლუბის შვიდნომრიანი მაისური აცვია და ძალაუნებურად გახსენდება ის დრო, როცა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ახალი გადასული იყო და ამის გამო ლამის მთელს ქვეყანას სამხრეთელთა ლურჯი მაისური გვემოსა.
პროგნოზების კეთება უმადური საქმეა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ქართველებს „გვეპატიება“ ნაადრევი დასკვნების გაკეთება და გადამეტებული იმედები. პროგნოზების აკადემიურ ანალიზს ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ რაც ერთი შეხედვით ჩანს, ჩემს გარშემო 10-დან მინიმუმ 8 ადამიანი ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია და შესაბამისად მისი გუნდი წლეულს იპირველებენ.
მეეჭვება, დანარჩენ მსოფლიოში პროგნოზები ასე გადანაწილდეს, რადგან მილანის „ინტერი“ უდავოდ შესანიშნავი გუნდია (პსჟ-ზე ნაკლები ნამდვილად არაა) და მათი ახალგაზრდა მწვრთნელი სიმონე ინძაგი ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერია მთელს ევროპაში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქართველები სხვანაირად ვფიქრობთ და ამჯერად, დიახაც რომ გვაქვს ამგვარი ფიქრისა და მოლოდინის მიზეზი. რომელი ჩვენსავით პატარა ქვეყნის ქომაგი არ იქნებოდა გახარებული და აჟიტირებული, როცა მათი ფეხბურთელის ასეთი დიდი წარმატება რეალურია და ხელშესახები?!
სამწუხაროდ, არ ვართ განებივრებული ქართველი ფეხბურთელების ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლით და ამის გამოა, რომ ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირზე ქართველების ნათამაშები ლამის ყველა (ცუდი თუ წარმატებული) შეხვედრა გვახსოვს. აღარაფერს ვამბობ გატანილ გოლებზე, რომელთა რაოდენობა სამწუხაროდ არცთუ შთამბეჭდავია.
კახა კალაძის „მილანთან“ ერთად მოგებულ ორ ჩემპიონთა ლიგის თასს თუ არ ჩავთვლით (არადა, როგორ გინდა რომ არ „ჩათვალო?!“), ქართველი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის არათუ გამარჯვებულები, გამარჯვების კანდიდატებიც კი არასოდეს ყოფილან. ეს არც არის გასაკვირი, თუკი, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ იმ უცხოურ კლუბებს გავიხსენებთ, სადაც ქართველები თამაშობდნენ. ლიგის ფინალში გასვლას ვინ ჩივის, უამრავმა ნიჭიერმა ქართველმა ფეხბურთელმა დაასრულა კარიერა ისე, რომ მთავარი ევროტურნირის ძირითად ეტაპზე ერთი შეხვედრაც კი არ ჩაუტარებია. ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ნიჭის გამოსავლენი სათამაშო არეალი ძირითადად, სამწუხაროდ, საშუალო ანდა საშუალოზე კიდევ უფრო დაბალი დონის ჩემპიონატები იყო. ისეთი ჩემპიონატები, სადაც ჩვენი არ იყოს, ევროსარბიელზე თასის აღება კი არა, მცირედი წარმატებაც კი დიდ ამბად ითვლება.
არ მინდა ისე დავასრულო წერა, ხვიჩა კვარაცხელიაზე რომ არ ვთქვა ორი სიტყვა. პსჟ-ში გადასვლიდან ასე მცირე ხანში ამ ბიჭის დიდებული და ვიტყოდი, უფრო დაღვინებული თამაში გვაჩვენებს და გვიდასტურებს იმას, რაც ისედაც ვიცოდით, თუმცა შედეგები და ნათამაშები კონკრეტული შეხვედრები (მაგალითად თამაში „ლივერპულთან“, „ასტონ ვილასთან“ და სხვა..) ყველაზე კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვყავს მსოფლიო დონის ვარსკვლავი, რომელსაც ჯერ კიდევ წინ აქვს თავისი საუკეთესო მატჩები.
იმისიც მჯერა, რომ მიუხედავად იმისა მოიგებს თუ არა პსჟ ამ ისტორიულ ფინალს, ხვიჩა კვარაცხელია თავის კარიერაში (რომელიც თანამედროვე მედიცინის შეძლებლობებიდან გამომდინარე იმედია კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება) კიდევ ბევრ ფინალში გააგორებს ბურთს და ყველა ეს შეხვედრა ჩვენთვის დაუვიწყარი იქნება!