უკვე ოფიციალურად გადაწყდა, რომ ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია! ეს ისტორიული ამბავია ბევრი მხრივ და იმაზეც მეტყველებს, რომ მომავალ წელს ამერიკის კონტინენტზე გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა საკუთარი ხმამაღალი განაცხადი უკვე გააკეთეს.
მნიშვნელობა არა აქვს ადამიანს მოსწონს თუ არა კარლო ანჩელოტის სათამაშო სტილი, განსაკუთრებულად სცემს თუ არა პატივს იტალიის სამწვრთელო სკოლას და ტრადიციებს - ყველა აღიარებს, რომ კარლო ანჩელოტი თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში დიდზე-დიდი ფიგურაა და მის განვლილ სამწვრთნელო კარიერას რომ გადავხედოთ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
აქ ანჩელოტის ქებას აღარ მოვყვებით, რადგან ყველამ ისედაც კარგად იცის, რა შეუძლია ამ სიტყვამცირე კაცს, თუმცა მის შესახებ ყველაზე კარგად სხვადახვა დროს სხვადახვა გუნდში ნათამაშები ძველი შეგირდები ჰყვებიან. აი, მაგალითად, თავის დროზე დიდებული მეგოლე, ახლა კი უკვე მწვრთნელად მოვლენილი ფილიპო ინძაგი ამბობს, რომ მწვრთნელობა ანჩელოტის მაგალითმა გადააწყვეტინა და ამ საქმეში თუ რამე ისწავლა, სწორედ „პაპა კარლოსგან“.
უფრო შორს მიდის ბრაზილიელი რიკარდო კაკა, რომელიც განსაკუთრებით გახარებულია ანჩელოტის „სელესაოში“ გადასვლით. „დამიჯერეთ, ამ კაცს ყველაფერი შეუძლია! არ მეგულება სხვა მწვრთნელი, რომელსაც მსგავსი უნარები აქვს გუნდის მობილიზებისა და გამარჯვების განწყობის შექმნის კუთხით. ანჩელოტი ის „ექიმია“ რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა ბრაზილიის ნაკრებს და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ის წარუძღვება ჩვენს ბიჭებს 2026 წლის მსოფლის ჩემპიონატზე“ - ამბობს რიკარდო და იმასაც დასძენს, რომ ფეხბურთელის კარიერა სამწუხაროდ მეტად ხანმოკლეა და უსამართლობებითაა სავსე, თორემ ამ ბრაზილიის ნაკრებში ბევრი მისი მეგობარი ვეტერანი ფეხბურთელის ხილვა გაუხარდებოდა.
კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო ნიჭისა და უნარების აღიარება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ეს უკანასკნელი ტურინის „იუვენტუსს“ ედგა სათავეში. მაშინდელი „იუვე“ იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელიც ოდესმე მინახავს. ამ გუნდს ზოგი „ქულების მანქანას“ ეძახდა, ზოგი „პიემონტურ ტანკს“, რომლის დამარცხება ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენლად მოსჩანდა. ეს იყო დაუვიწყარი წლები, როდესაც „იუვენტუსი“ ზედიზედ ამარცხებდა ვარსკვლავებით დახუნძლულ გუნდებს და პირადად მეგონა, რომ ანჩელოტს ჰქონდა რაღაც ჯადოსნური ჯოხი, რომლის აქნევის შემდეგაც „ზებრებისთვის“ ბურთის წართმევა შეუძლებელი იყო და ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა ჯიჯი ბუფონის კარში გოლის გატანას ვერავინ „გაბედავდა“.
შემდეგ იყო მრავალი გამარჯვება და ტიტული, მოპოვებული იტალიისა თუ ევროპის სხვა ქვეყნების კლუბში. იყო დიდი წარმატებები და რამდენიმე გულისტკენაც მათგან, რომელთაც წესით ანჩელოტის სახელზე უნდა ელოცათ. მაგრამ ყველაზე რთულ და ერთი შეხედვით გამოუვალ ვითარებაშიც კი, „პაპა კარლო“ მშვიდი, გაწონასწორებული, თავდაჯერებული იერით და რაც მთავარია, ნაჩვენები შედეგებით ამტკიცებდა, რომ მისი დრო არ წასულა, რომ ის ისევ პირველთაგანია და თუ ამის არ გჯერა, აგერაა ბურთი და მოედანი - მიდი და მოუგე ანჩელოტის გაწვრთნილ გუნდს!
ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივარი, მაგრამ კარლო ანჩელოტი „სელესაოშიც“ თუ დატოვებს თავის კვალს, ნამდვილად არ მეწყინება. ბრაზილიის ნაკრებს ძალიან დიდი ხანი გაუგრძელდა კრიზისი და ისიც ყველამ ვიცით, რომ უბრაზილიოდ ფეხბურთი უბრალოდ წარმოუდგენელია. ხოლო როცა ორი დიდი მოვლენა - ბრაზილიის ნაკრები და კარლო ანჩელოტი ერთმანეთს ხვდება, იქ რაღაც მნიშვნელოვანი აუცილებლად მოხდება!







