„მილანის“ Curva Sud-ის დაჯგუფება კლუბს განუდგა. როგორც ფანკლუბის განცხადებაში აღნიშნული, ისინი სერია A-ს უახლოეს ტურში „რომასთან“ საგარეო მატჩს არ დაესწრებიან.
„თქვენს სირცხვილთან ერთად მარტო დაგტოვებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„გუშინ, სეზონში მორიგი უღირსი თამაშის შემდეგ, რაც კლუბის მენეჯერების არაკომპეტენტურობისა და სიამაყის გარეშე მყოფი გუნდის შედეგია, კვირას, რომში, თქვენს სირცხვილთან მარტო დაგტოვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
„მილანმა“ იტალიის თასის ფინალი „ბოლონიასთან“ წააგო (0:1), რამაც ფანკლუბის იმედგაცრუება გამოიწვია. „როსონერის“ ძალიან ცუდი სეზონი აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე საშინლად გამოვიდა, სერია A-ში მხოლოდ მერვე ადგილზეა და თასის ფინალშიც დამარცხდა.
„მილანს“ ამ სეზონში მხოლოდ იმით შეუძლია თავის დამშვიდება, რომ იტალიის სუპერთასს დაეუფლა, ხოლო მილანურ დერბიში „ინტერთან“ 5-დან არცერთი მატჩი არ წააგო (3 მოგება, 2 ფრე).





