ფეხბურთი

20:25 | 11.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს ჰეთ-თრიქი "რეალს" არ ეყო: "ბარსელონას" ქამბექი და დიდი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ (+VIDEO)

ლა ლიგაში სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე საჩემპიონო ინტრიგა მოკვდა: „ბარსელონამ“ 35-ე ტურში მადრიდის „რეალი“ დაამარცხა, რომელსაც 7 ქულით გაექცა.

„სამეფო კლუბისთვის“ ეს ბოლო შანსი იყო, რომ ჩემპიონობის შანსი დაეტოვებინა, მოგება სჭირდებოდა და კარლო ანჩელოტის გუნდმა თამაში იდეალურად დაიწყო. „ბარსას“ დაცვაში სერიოზული პრობლემები რომ აქვს, „ინტერთან“ მატჩებშიც კარგად გამოჩნდა და ამ მატჩის სტარტმაც დაადასტურა.

მეხუთე წუთზე პაუ კუბარსის უხეში შეცდომის შემდეგ კილიან მბაპემ პენალტი მოიპოვა, რომელიც ფრანგმა თავადვე გაიტანა. 10 წუთში კილიანი უკვე პირისპირ დარჩა ვოიცეხ შჩესნისთან მასპინძელთა დაცვის ცუდი თამაშის გამო და შანსი გამოიყენა - 0:2.

თუმცა, რამდენადაც უჭირს ჰანსი ფლიკის გუნდს დაცვაში, ორმაგად უფრო მაგარია შეტევაში: პირველივე ტაიმში „ბარსამ“ 0:2-დან 4:2 დააქამბექა!!!

ჯერ ერიკ გარსიამ შეამცირა სხვაობა (როგორც „ინტერთან“), შემდეგ ლამინ იამალმა გაიტანა ფანტასტიკური გოლი და წონასწორობა აღადგინა, ხოლო ორ წუთში მბაპეს ადა დანი სებალიოსის შეცდომა რაფინიამ გამოიყენა და უკვე „ბარსა“ იგებდა! ფლიკის გუნდმა მბაპეს მეორე გოლიდან ზუსტად 20 წუთში შეძლო დაწინაურება. პირველივე ტაიმში რაფინიამ დუბლი შეასრულა და ანგარიში 4:2 გახადა.

მადრიდელებმა სცადეს გაბრძოლება, მეორე ნახევარში მბაპემ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ მეტი „რეალმა“ ვეღარ მოახერხა და კატალონიელებმა 4:3 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „ბარსელონამ“ გამართული ოთხივე „ელ კლასიკო“ მოიგო - ორი ლა ლიგაში, ერთი თასის ფინალში და ერთიც სუპერთასზე.

„ბარსელონამ“ 82 ქულა დააგროვა და 7 ქულით უსწრებს „რეალს“, ასე რომ, 28-ე ჩემპიონობამდე თითქმის არაფერი აშორებს, ძალიან, ძალიან ახლოსაა. მომდევნო ტურში ფლიკის გუნდი „ესპანიოლს“ ესტუმრება, ხოლო „რეალი“ „მალიორკას“ უმასპინძლებს.

კილიან მბაპემ შესრულებული ჰეთ-თრიქით რობერტ ლევანდოვსკის გადაასწრო. ახლა ფრანგს 27 გოლი აქვს გატანილი, პოლონელს - 25. ასე რომ, მბაპე ახლოსაა პირველივე სეზონში ლა ლიგის ბომბარდირი გახდეს.

„ბარსელონა“ – „რეალი“ 4:3 (4:2)

გოლები: 0:1 მბაპე (5, პენ), 1:2 მბაპე (14), 1:2 გარსია (19), 2:2 იამალი (32), 3:2 რაფინია (34), 4:2 რაფინია (45), 4:3 მბაპე (70)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.17038