„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა France Football-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
სალაჰმა დაადასტურა, რომ სადიო მანესთან თანაგუნდელობის პერიოდში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ასევე ისაუბრა კონტრაქტის განახლებაზე და თქვა, რომ წელს პრემიერლიგის მოგება უფრო სურდა, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის.
„პრემიერლიგის მოგება ჩემი მთავარი მიზანი იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩემპიონთა ლიგაზე წინ პრემიერლიგა დავაყენე. იმდენად გულდასაწყვეტი იყო 2020 წელს პანდემიის გამო ჩემპიონობა ჩვენს ფანებთან ერთად რომ ვერ ვიზეიმეთ, მინდოდა, პრემიერლიგა ფანებისთვის მოგვეგო. 9 თვის შემდეგ დაპირება შესრულებულია.
სადიო მანე? დიახ, სადიოსთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა, თუმცა, პროფესიონალები ვართ და ასე ვითამაშეთ, არ მგონია, რომ ჩვენმა ურთიერთობამ გუნდზე იმოქმედა. ადამიანურია მეტი გინდოდეს, ის კონკურენტი იყო. მოედნის მიღმა დიდად ახლოს არ ვიყავით, მაგრამ პატივს ერთმანეთს ყოველთვის ვცემდით. ხალხს შეუძლია ის იფიქროს, რაც სურს, ეს მათი უფლებაა, თუმცა, ყველამ უნდა შეხედოს, რომ მანეს ყველაზე მეტი საგოლე პასი (18) მე გავუკეთე. შეგვიძლია ფაქტებს შევხედოთ. ამიტომ, ვერ მივიღებ იმას, რომ ხალხი მანესთან ურთიერთობის გამო ეგოისტს მიწოდებდა.
არა, არ ვარ დარწმუნებული, რომ „ლივერპულის“ ლეგენდა ვარ... ხუმრობას თავი დავანებოთ, დღეს კარგ ფორმაში ვარ, ვვარჯიშობ, ვემზადები და ვთამაშობ. სახლში დაბრუნების შემდეგ კი, მთელი ჩემი ყურადღება ოჯახს ეთმობა. შესაბამისად, ბევრი დრო არ მაქვს სხვა საკითხებზე ფიქრისთვის, მაგრამ თუ მეკითხებით, დიახ, ვიცი, რომ „ლივერპულის“ ლეგენდა ვარ. ამ სეზონში კონტრაქტთან გაურკვევლობის მიუხედავად, გულშემატკივრებმა დაინახეს, რომ ყველაფერი გავიღე, მოტყუების, გათვლების გარეშე. ალბათ, აქ, ყველაზე მეტად სწორედ ამას აფასებენ, უფრო მეტად, ვიდრე სხვაგან.
სტატისტიკურად საუკეთესო სეზონი მაქვს (33 გოლი, 23 საგოლე პასი), იმან, რომ შეიძლებოდა, ეს აქ ჩემი ბოლო სეზონი ყოფილიყო, უფრო მეტი მოტივაცია მომცა ტიტულის მოსაგებად, რისი პირობაც საკუთარ თავს მივეცი. ასეთი მენტალიტეტი მქონდა: „თუ კლუბს არ სურს ჩემთან კონტრაქტის განახლება, პრობლემა არაა, მოდი, საუკეთესო გზით დავხუროთ ეს ურთიერთობა, რათა მთავარი კარიდან წავიდე“.
დიდი შანსი იყო, რომ გუნდიდან წავსულიყავი, ცოტა უცნაური იყო, დაუჯერებელი სეზონი გვქონდა და მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელიც ადვილი არ იყო. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად გამოვიდა, ჩემპიონები გავხდით და კლუბში კიდევ ორი სეზონი დავრჩები“, - თქვა სალაჰმა.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე განაახლა. მან ინგლისურ კლუბში 2018 წლიდან დღემდე 398 მატჩში 244 გოლი გაიტანა.