იტალიის სერია A-ს 36-ე ტური „მილანის“ და „ბოლონიას“ მატჩით დაიწყო, რომელიც მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.
ეს იყო გენერალური რეპეტიცია თასის ფინალამდე, რადგან ზუსტად 5 დღეში „მილანი“ და „ბოლონია“ უკვე ტიტულისთვის, იტალიის თასისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
პირველი ტაიმი „სან სიროზე“ უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევრის სტარტზე კი, სტუმრები რიკარდო ორსოლინის გოლით დაწინაურდნენ. თუმცა, სერჟიო კონსეისაოს „მილანს“ როგორც სჩვევია, ზუსტად ისე მოხდა: ჯერ გაუშვა და მერე დააქამბექა. დუბლი შეასრულა სანტიაგო ხიმენესმა, ხოლო ერთი გოლი კრისტიან პულიშიჩის აქტივშია. „როსონერიმ“ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო სერია A-ში, თუმცა, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი მისთვის მაინც თეორიულია.
„მილანი“ 60 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში „რომას“ ესტუმრება, ხოლო „ბოლონია“ 62 ქულით მეშვიდეა და წინ „ფიორენტინასთან“ მატჩი აქვს, მაგრამ როგორც ვთქვით, ეს გუნდები იქამდე, შუა კვირაში, 14 მაისს, რომში, იტალიის თასის ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან.