ფეხბურთი

9:57 | 10.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქებათა-ქება „დინამოს“ სტადიონს!

ვახ რა კარგი რამე ხარ ყოფილო ვ.ი. ლენინის სახელობის თბილისის ცენტრალურო სტადიონო! ახლაც ცენტრალურო, სულ მთლად ცენტრალურო, მაგრამ უკვე „დინამო არენად“ სახელცვლილო, უწინ ლავრენტი პავლეს ძის მიერ ნაგებო, ნაფიქრო უფროსი ქურდიანისა, შემკულო ყოვლითა სიკეთითა შუათანა ქურდიანისა და ნარეკონსტრუქციებო დიდითა იჯითა უმცროსი ქურდიანისა მიერ. სულ მთლად ქურდიანებისავ და სულ მთლად ჩვენო, ქომაგებისავ! მრავლისმნახველო, მრავლისგამგებო და მრავლისმცოდნევ ჯერ საბჭოთა და შემდეგ საქართველოდ ხმობილო ქვეყნისა.

ვის არ დაუდგამს ფეხი შენს ხმელს, იავარქმნილ თუ გემრიელად მოვლილ ბალახზედ. ვის არ ურბენია კიდით-კიდემდე და არ მოუსმენია ფილტვისდამხევი სტვენა ჩრდილოეთი ტრიბუნისა, საიდანაც სულ ზემოთ თუ აძვრები, დაინახავ უბანს წოდებულს „ნახალოვკად“, სადაც მზე მაშინ ამოდის, როდესაც დანარჩენ ქალაქს ჯერ ისევ ღამე ჰგონია.

აქეთ მესხი და იქით მეტრეველი, ყიფიანის პასი და შენგელიას ახტომა, ჩელებაძის პენალტი და გუცაევის გაქცევა, კალოევის თავური გოლმრავლობა და დოროხოვის დაუჯერებლად მწვანე მაისური, დაუვიწყარი გიორგი სიჭინავა, ბასა ღოღობერიძე და უკვდავი ბორის პაიჭაძე, ზაზროევის უიღბლობა და ჩივაძის თავდაჯერება, უცნაურად ელვარე ნიჭი და ერთნაირად საზარელი ხვედრი შოთა იამანიძისა და ვიტალი დარასელიასი, მარცხით მოგვრილი ცრემლები თემურ ქეცბაიასი, შეტევის წინ წამიერი გარინდვა გიორგი ქინქლაძისა და თითქოს მთელი თბილისის ჩასახუტებლად ხელებგაშლილი შოთა არველაძე გოლის გატანის შემდეგ. დიდი ზეიმი ჯერ კიდევ 1964 წელს, შემდეგ საბჭოთა თასები, ნათეთქვი „ლივერპული“, 1981 წლის საოცრება, გაშლილი სუფრები ტრიბუნაზე და ჯერ ისევ ჟრჟოლვისმომგვრელი განცდა 2024 წლის მარტისა, როდესაც ერთმა მეგრელმა კაცმა საბერძნეთის ნაკრებს პენალტი გაუტანა დააა...

ეს ყველაფერი შენგან არის ალაგო ესე, რომელიც იყავი, ხარ და უნდა იყო სულ, სანამ ამდენი წლის შემდეგ ჯერ კიდევ არ გვესიკვდილება შვილების სტადიონზე მიყვანა მიუხედავად უამრავი მარცხისა და გულისტკენისა.

შენ არავის წინაშე ხარ დამნაშავე, მაშინ როდესაც შენს წინაშე ყველამ შევცოდეთ დიდად თუ მცირედით. ჯერ იყო და ხის ცეხებად და საწყობებად გაქციეთ, მერე ათასი ჯურის კორუმპირებული მაფიოზისა და ვიგინდარას ფულის საკეთებელი საჯლიგინო ადგილი გახდი. ძველი, ხის სკამების შეცვლა და ახლის დაყენებაც კი პოლიტიკურ შოუდ აქციეს და ბოლოს, აი, სულ ახლახანს, ერთმა კარლოს ვალდერამასებრმა კაცმა მთლად დანგრევა დაგიპირა, რამეთუ მისიანად არ მიიჩნია შენი ამჟამინდელი მფლობელი, მიზეზად კი რა გაკადრა? ამორტიზდაო! დაძველდაო! ცუდ ადგილზეაო! ახალი მთავარი ეროვნული არენა გვჭირდებაო!

აბა მაგან და სხვა ჰალსტუხწაჭერილებმა რა იციან, რას ნიშნავს ჩვენთვის უშენობა?! წლები გვემატება, ვბერდებით და მაინც ძველებურად სულს გვიფორიაქებს დღე, როდესაც ფეხბურთია და „დინამოს“ სტადიონზე უნდა წავიდეთ, ახლა უკვე შვილებთან ერთად.

ყველა მხრიდან გვყავხარ დანახული და ჯოკონდასავით ყველა მხრიდან გვიყვარხარ. მთაწმინდიდან დანახულიც და მუსკომედიის თეატრის კუთხიდანაც, გადასასვლელი ხიდიდანაც და წერეთლის გამზირზე, „კახოვკის“ ასახვევიდანაც, ლოტკინიდანაც და ნუცუბიძის პლატოს წვერიდანაც, მუშტაიდის პარკში მჯდომებს ხომ გვიყვარხარ და გვიყვარხარ!

შენ სულ უნდა იყო არენავ ძველო, ბევრი ფიქრის ამშლელო, ჩვენ უშენობა არც გვსურს და ვერც წარმოგვიდგენია!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.17058
სარეკლამო ადგილი - 99
X x X