ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ კონფერენს ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იტალიელმა აღნიშნა, სურთ ტურნირის მოგება, მაგრამ მანამდე პრემიერლიგის კარგად დასრულებაზე უნდა იფიქრონ:
„თამაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით დავასრულეთ, პრაქტიკულად მეორე გუნდით. ძალიან კმაყოფილი ვარ ბიჭებით და ფინალში გასვლით. ახალგაზრდებისთვის ფუნდამენტურია გამოცდილების შესაძენად მსგავსი მატჩები, ახლა პრემიერლიგის სამი მატჩი დაგვრჩა ფინალამდე კონცენტრირებული უნდა დავრჩეთ.
კარგ მომენტში ვართ, მაგრამ 72 საათზე ნაკლებ დროში კიდევ ერთი თამაში გვაქვს. ეგრევე მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ. პრემიერლიგაში კიდევ სამი მატჩია და ყველა მნიშვნელოვანია. გვინდა, რომ კონფერენს ლიგა მოვიგოთ და ფინალისთვის მოსამზადებლად 20 დღე გვაქვს“, - თქვა მარესკამ.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ კონფერენს ლიგის ფინალში 28 მაისს, „ბეტისს“ შეხვდება, მატჩი ვროცლავში გაიმართება.