კონფერენს ლიგის ფინალში ლონდონის „ჩელსი“ და სევილიის „ბეტისი“ დაუპირისპირდებიან.
ფინალში ადვილად გავიდა „ჩელსი“, რომელსაც პირველივე მატჩში ჰქონდა ეს საკითხი მოგვარებული, როცა შვედეთში „დიურგარდენს“ 4:1 აჯობა. ლონდონში, ენცო მარესკას გუნდმა ენერგია დაზოგა და მხოლოდ 1:0 მოიგო კირან დიუსბერი-ჰოლის გოლით.
მეორე ნახევარფინალში გაცილებით თანაბარი და დაძაბული ბრძოლა იყო. „ბეტისმა“ შინ 2:1 აჯობა „ფიორენტინას“, ხოლო ამჯერად, ფლორენციაში დაფიქსირდა იგივე ანგარიში იტალიელთა სასარგებლოდ.
„ბეტისი“ ანტონის გოლით დაწინაურდა, რომელმაც საჯარიმო შეასრულა უნაკლოდ, მაგრამ პირველივე ტაიმში, 34-ე და 42-ე წუთზე რობინ გოზენსმა ორი გოლი გაიტანა, ორივე თავური დარტყმით - 2:1. ძირითად დროში არაფერი შეცვლილა, შესაბამისად, დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც მანუელ პელეგრინის გუნდმა გაიტანა გოლი. 99-ე წუთზე ანტონის პასით ეზალზულიმ გაიტანა და ამ გოლმა „ბეტისი“ ფინალში გაიყვანა. მატჩი 2:2 დასრულდა, ხოლო ორი შეხვედრის ჯამში სევილიელებმა 4:3 მოიგეს და „ფიორენტინა“ კონფერენს ლიგის ფინალში ზედიზედ მესამედ ვეღარ გავიდა.
კონფერენს ლიგის ფინალი 28 მაისს, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გაიმართება.