ევროპა ლიგაზე საპასუხო ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და მოულოდნელი არაფერი მომხდარა: პირველი შეხვედრების მერეც გამოკვეთილი იყო ყველაფერი.
„მანჩესტერმა“ ბილბაოში 3:0-ის შემდეგ „ოლდ ტრაფორდზეც“ დიდი ანგარიში იმარჯვა - 4:1. ბასკებმა ტაიმი მოიგეს და 72-ე წუთამდე წინ იყვნენ, მაგრამ რუბენ ამორიმის გუნდმა მეტოქეს 4 გოლი გაუტანა: დუბლი შეასრულა მეისონ მაუნთმა, ხოლო თითოჯერ თავი კაზემირომ და რასმუს ჰოილუნმა გამოიჩინეს.
„მანჩესტერმა“ ძალიან ადვილად, ორი მატჩის ჯამში 7:1 აჯობა ესპანურ კლუბს, არადა, ფინალი „სან მამესზეა“ და „ბილბაოს“ დამატებითი მოტივაცია ჰქონდა.
ევროპა ლიგაზე ინგლისური ფინალი იქნება, რადგან „მანჩესტერს“ „ტოტენჰემი“ შეხვდება. ინგლისელებმა ნორვეგიულ „ბოდო გლიმტს“ შინ 3:1 სძლიეს და ახლა სტუმრადაც მოუგეს - 2:0. მეორე ტაიმში დომინიკ სოლანკემ და პედრო პორომ შეაგდეს - ორი მატჩის ჯამში - 5:1.
ევროპა ლიგის ფინალი 21 მაისს, ბილბაოში, „სან მამესზე“ გაიმართება. გამარჯვებული არა მარტო ტიტულს მოიგებს, არამედ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებასაც მოიპოვებს, რადგან „მანჩესტერი“ და „ტოტენჰემი“ პრემიერლიგაში სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში არიან. ასე რომ, მომდევნო სეზონში ინგლისს ჩემპიონთა ლიგაზე 6 წარმომადგენელი ეყოლება.