საქართველოს 17 და 20-წლამდელ ძალოსანთა ნაკრებმა პერუს მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა და მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაღწია - ჯამში 13 მედალი მოიპოვა.
17-წლამდელებიდან საუკეთესო შედეგებს მიაღწია ჯაბა ტყეშელაშვილმა (102 კგ). ქართველმა ძალოსანმა ატაცში 145 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. უკეთესად გამოვიდა აკვრაში, სადაც 192 კილოგრამი დაიმორჩილა და ოქროს მედალი დაისაკუთრა, ასევე ოქროს მედალი ერგო ორჭიდში დაგროვილი 337 კილოგრამით.
ამავე წონით კატეგორიაში მედლები მოიპოვა საბა ჩიხლაძემ (102 კგ.), რომელმაც ატაცში (130 კგ), აკვრასა (162 კგ) და ორჭიდში (292 კგ) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. აღსანიშნავია, რომ მომავალი პრიზიორი შეჯიბრებაში B ჯგუფიდან ჩაერთო.
ერთი მედალია დიმიტრი აბრალავას (67 კგ.) ანგარიშზე. მას აკვრაში დაძლეული 147 კილოგრამით ვერცხლის მედალი ერგო.
20-წლამდელებში კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ასვლა შეძლო გოგა ჯაჯვანმა (89 კგ). მან ატაცში 162 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. გაცილებით უკეთესი იყო აკვრაში, სადაც 198 კილოგრამი დაიმორჩილა და ოქროს მედალოსანი გახდა. ჩემპიონობა იზეიმა ორჭიდში დაგროვილი 360 კილოგრამითაც.
ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიგა ოდიკაძემ (61 კგ.) ჩვენმა ძალოსანმა ატაცში 123 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მეექვსე ადგილი დაიკავა აკვრაში, სადაც 147 კილოგრამი დაიმორჩილა, ხოლო ორჭიდში დაგროვილი 270 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამავე ასაკობრივ ჯგუფში ერთი მედალია მოპოვებული გოგონებში. ნანა ხორავამ (76 კგ) ატაცში დაძლეული 103 კილოგრამით მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
GEONOC.ORG.GE