ფეხბურთი

13:43 | 8.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტიერი ანრი: "შეხედეთ კვარაცხელიას და გამოცდილებას, რას აკეთებს ის 91-ე წუთზე და რას - იამალი"

ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ CBS Sports-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კერძოდ იმ მომენტზე, როცა ბოლო წუთებზე კვარა ფლანგზე გაიქცა, რითაც დროის გაყვანას ცდილობდა.

ანრიმ ეს ლამინ იამალის მომენტს შეადარა, რომელიც მსგავს სიტუაციაში განსხვავებულად მოიქცა:

„ლამინ იამალს შეეძლო კუთხურის ალამთან წასულიყო, მაგრამ მან სცადა შიგნით შეჭრა და კიდევ ერთი გოლის გატანა. რომ გაეტანა, მეტოქე ვეღარაფერს გააკეთებდა, თამაში დამთავრებული იყო, მაგრამ ეს ვერ შეძლო და შემდეგ უკან დაცვაში აღარ დაბრუნდა, "ბარსამ" კი, გოლი გაუშვა.

ახლა ეს შევადაროთ „პარი სენ-ჟერმენს“: 91-ე წუთია, ორი ბურთით წინ არიან ორი მატჩის ჯამში, შეხედეთ კვარაცხელიას და მის გამოცდილებას. ის არ ცდილობს ორ ფეხბურთელს შორის შესვლას, ის მიდის ფლანგზე.... სწორედ ასე გადიხარ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. რასაც კვარაცხელია ბურთით და უბურთოდ აკეთებს, საოცარია. ბოლო წუთებში არ ეცადა ვარსკვლავი ყოფილიყო, ბურთი კუთხურის ნიშნულისკენ წაიღო, რათა დრო გაეყვანა, რადგან იცის, რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, „ბარსელონამ“ ეს არ იცოდა“, - თქვა ანრიმ.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 5 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 8 მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე პასია.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე მილანის „ინტერი“ იქნება.

ეს იქნება 2004 წლის შემდეგ პირველი ფინალი, რომელშიც ესპანური, ინგლისური და გერმანული გუნდი არ იქნება, 2004 წელს, ფინალში "პორტუმ და "მონაკომ" ითამაშეს. გარდა ამისა, 1993 წლის შემდეგ პირველად ფინალი ფრანგულ-იტალიური იქნება, მაშინ "მარსელმა" "მილანი" დაამარცხა (1:0). აღსანიშნავია, რომ ის ფინალიც მიუნხენში გაიმართა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129116
სარეკლამო ადგილი - 99
X x X