ფეხბურთი

3:28 | 8.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ჩვენ ხომ ფერმერთა ლიგიდან ვართ? ჩემი მიზანი პირველივე დღიდან აქ ისტორიის დაწერა იყო"
"ფინალში ისე ვითამაშებთ, როგორც ყველა მატჩს ვთამაშობთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ეს შედეგი დაიმსახურეს. ესპანელი სპეციალისტი ამბობს, რომ ფინალში მათი მიდგომა არ შეიცვლება და ისე ითამაშებენ, როგორც ყოველთვის:

„ვნებისა და დაძაბულობის თვალსაზრისით, მატჩი იმედგაცრუებას არ იწვევდა. „არსენალი“ აქ გამარჯვებისთვის იყო. მათ თამაში თავიანთი ძლიერი მხარეების მიხედვით ითამაშეს, „არსენალი“, რომელიც ბურთითაც და ბურთის გარეშეც ძალიან კარგია, ყოველთვის პრობლემებს ქმნის. მაგრამ ჩვენ გავუძელით და მეორე ტაიმი უფრო დაძაბული გამოდგა.

ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე 9 ქულით მეტი დავიმსახურეთ, მაგრამ გავიზარდეთ, გავუმჯობესდით ასეთ ძლიერ მეტოქეებთან თამაშით. 24 გუნდში არ შევდიოდით, მაგრამ სტატისტიკა გვიჩვენებდა, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვიყავით. ეფექტიანობის გაუმჯობესების შემდეგ ვაჩვენეთ, რომ ფინალში გასვლა დავიმსახურეთ.

ფეხბურთში ლოგიკა არ არსებობს. პირველივე დღიდან ვთქვი, რომ ჩემი მიზანი ისტორიის შექმნა და აქ ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგება იყო. ძალიან კარგად ვგრძნობ კლუბში თავს, ყველაფერი მაქვს. მადლობა ვუხდი გულშემატკივრებს მუდმივი მხარდაჭერისთვის, ისინი გავახარეთ.

ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველას სურს, ახლა ერთი ნაბიჯი გვაკლია, გვჯერა, რომ კლუბი და ფანები ამას იმსახურებენ. ყოველ წელს ვეცდებით ჩემპიონთა ლიგის მოგებას.

მიკელ არტეტა ჩემი მეგობარია, მაგრამ საერთოდ არ ვეთანხმები, რომ ფინალში გასვლას „არსენალი“ იმსახურებდა. მათ ისე ითამაშეს, როგორც სურდათ, მაგრამ ჩვენ მათზე მეტი გოლი გავიტანეთ, რაც მთავარია. ყველაზე მეტად ამ მატჩში გაგვიჭირდა, თუმცა ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. დემბელემ ყველაფერი გააკეთა გუნდთან ერთად რომ ყოფილიყო, 30 წუთის თამაში შეეძლო. არ მიყვარს ფეხბურთელებთან დაკავშირებით რისკზე წასვლა, განსაკუთრებით, როცა საქმე სწრაფ ფეხბურთელებს ეხება, შესაბამისად, რისკზე არ წავედით.

„ინტერს“ ვიცნობ, ბოლო სამ სეზონში მეორე ფინალს ითამაშებს. ამ გუნდს ძლიერი მენტალიტეტი აქვს, ფიზიკურად ძალიან ძლიერია და სტანდარტულ სიტუაციებში. უფრო გამოცდილია, ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ აქვს მოგებული. ჩვენ ორი ფინალი დაგვრჩა და სწორედ ამაზე ვოცნებობდით. ამ ფინალშიც იგივე განწყობით ვითამაშებთ, როგორც ყოველთვის“, - თქვა ლუის ენრიკემ.

ესპანელმა სპეციალისტმა სატელევიზიო კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა: „ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ყველა ოცნებობს, ეს ბევრს ნიშნავს. პირველივე დღიდან ჩვენი მიზანი ისტორიის შექმნა იყო და სწორ გზაზე ვართ. პრემიერლიგის ოთხი კლუბის დამარცხება? დიახ, მაგრამ ჩვენ ფერმერთა ლიგიდან ვართ, არა? დიახ, ასეა... უბრალოდ, არა მხოლოდ ჩვენი შედეგებით ვტკბებით, არამედ იმ კომპლიმენტებითაც, რომელსაც ჩვენი გუნდის შესახებ სხვები ამბობენ“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე მილანის „ინტერი“ იქნება.

ეს იქნება 2004 წლის შემდეგ პირველი ფინალი, რომელშიც ესპანური, ინგლისური და გერმანული გუნდი არ იქნება, 2004 წელს, ფინალში "პორტუმ და "მონაკომ" ითამაშეს. გარდა ამისა, 1993 წლის შემდეგ პირველად ფინალი ფრანგულ-იტალიური იქნება, მაშინ "მარსელმა" "მილანი" დაამარცხა (1:0). აღსანიშნავია, რომ ის ფინალიც მიუნხენში გაიმართა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119093
სარეკლამო ადგილი - 99
X x X