ფეხბურთი

0:57 | 8.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარა და პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში!

„პარი სენ-ჟერმენი“ და ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში არიან!

ლუის ენრიკეს გუნდმა ერთი კვირის წინ ლონდონში მოპოვებული უპირატესობა (1:0), პარიზში კიდევ უფრო გაზარდა.

საპასუხო მატჩი „არსენალმა“ ბევრად აქტიურად დაიწყო და დასაწყისშივე სამი მაგარი მომენტი ჰქონდა: ჯერ დეკლან რაისის თავური გამოდგა ოდნავ არაზუსტი, ხოლო შემდეგ ჯანლუიჯი დონარუმამ ორჯერ იხსნა თავისი გუნდი, განსაკუთრებით ფანტასტიკური იყო მარტინ ოდეგორის წინააღმდეგ მოგერიებული ბურთი...

პსჟ-სთვის სტარტი რთული გამოდგა, მაგრამ ნელ-ნელა მოახერხა თამაშში შესვლა. პირველი საგოლე მომენტი მასპინძელთა შორის ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა, რომელმაც შორეულ კუთხეში სცადა გატანა, მაგრამ ოდნავ არ გაუმართლა - ბურთი ძელს მოხვდა. სულ მალე, კვარამ ჯარიმა მოიპოვა, დეკლან რაისი მასთან უხეშობისთვის გააფრთხილეს, ხოლო გათამაშებულ ჯარიმას გოლი მოჰყვა: ფაბიან რუისმა შესანიშნავად დაარტყა, ანგარიში გახსნა და ორი მატჩის ჯამში უპირატესობა გაზარდა.

პსჟ-ზე გოლმა დადებითად იმოქმედა და ტაიმის მიწურულს ბრედლი ბარკოლას მართებდა გატანა, რომელიც კვარამ დატოვა მაგარ პოზიციაში, მაგრამ ფრანგი შემტევი ძალიან ცუდად გაისარჯა.

მეორე ნახევარში „არსენალმა“ ისევ სცადა შეტევა, ერთ მომენტში დონარუმამ გაიბრწყინა ბუკაიო საკას წინააღმდეგ. 69-ე წუთზე პარიზელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, ბურთთან ვიტინია მივიდა, მაგრამ პორტუგალიელმა ცუდად დაარტყა, დავიდ რაიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია. გაცუდებული პენალტიდან ოთხ წუთში პსჟ-მ მაინც გაიტანა, აშრაფ ჰაკიმიმ დიდებულად, უნაკლოდ დაარტყა და სხვაობა გაზარდა.

თითქოს, „არსენალი“ საბოლოოდ გატყდა, მაგრამ ბუკაიო საკამ სწრაფად მოახერხა ერთი ბურთის გაქვითა და იმედი გააცოცხლა. 79-ე წუთზე საკას შეეძლო დუბლი შეესრულებინა, ცარიელ კარს ააცილა... თორემ, რომ გაეტანა, ვინ იცის, ბოლო წუთები როგორი დაძაბული იქნებოდა.

მატჩის ბოლო წუთები პსჟ-მ უკვე კარგად წარმართა, მეტოქისთვის ბევრი შანსი აღარ მიუცია. ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, 86-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო რიკარდო კალაფიორისთან კამათის გამო.

ხვიჩა კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძის შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. კალაძემ „მილანთან“ ერთად ამას 2003, 2005 და 2007 წლებში უწია.

„პარი სენ-ჟერმენი“ ისტორიაში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პირველად ეს 2020 წელს შეძლო.

საინტერესო დეტალი: მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქამდე 4-ჯერ ჩატარებულა და ოთხივე შემთხვევაში ისეთმა გუნდმა მოიგო, რომელსაც მანამდე ეს ტურნირი მოგებული არ ჰქონდა: „ნოტინგემ ფორესტი“, „მარსელი“, „დორტმუნდი“ და „ჩელსი“. ფინალში სამგზის ჩემპიონი „ინტერი“ და პსჟ არიან, შესაბამისად, პსჟ-მ შეიძლება გააგრძელოს მიუნხენური ფინალების დამთხვევა...

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 5 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 8 მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე პასია.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე მილანის „ინტერი“ იქნება.

ეს იქნება 2004 წლის შემდეგ პირველი ფინალი, რომელშიც ესპანური, ინგლისური და გერმანული გუნდი არ იქნება, 2004 წელს, ფინალში "პორტუმ და "მონაკომ" ითამაშეს. გარდა ამისა, 1993 წლის შემდეგ პირველად ფინალი ფრანგულ-იტალიური იქნება, მაშინ "მარსელმა" "მილანი" დაამარცხა (1:0). აღსანიშნავია, რომ ის ფინალიც მიუნხენში გაიმართა.

„პარი სენ-ჟერმენი“ – „არსენალი“ 2:1 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 3:1

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

„პარი სენ-ჟერმენი“ (4-3-3): დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში (რამოში 88); ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი; ბარკოლა (დემბელე 70), დუე (ერნანდესი 74), კვარაცხელია

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

„არსენალი“ (4-3-3): რაია; ტიმბერი (ვაითი 83), სალიბა, კივიორი, ლევის-სკელი (კალაფიორი 68); ოდეგორი, პარტეი, რაისი; საკა, მერინო, მარტინელი (ტროსარი 69)

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

გოლები: 1:0 ფაბიან რუისი (27), 2:0 ჰაკიმი (72), 2:1 საკა (76)

გამოუყენებელი პენალტი: ვიტინია (69, მეკარე)

გაფრთხილება: მენდეში (18), კვარაცხელია (86) - რაისი (26), ლევის-სკელი (56), კალაფიორი (86), საკა (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 19 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117871
სარეკლამო ადგილი - 99
X x X