მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის გამარჯვებული რეიტინგის მე-8 ნომერი, იაპონელი კეი ნიშიკორი გახდა. აზიელმა რეიტინგის 28-ე ნომერი, ფრანგი ჟულიენ ბენეტო დაამარცხა (7:6, 6:4).
პირველ სეტში, 5:4-ზე, ფრანგი სეტის მოსაგებად აწვდიდა, მაგრამ ნიშიკორიმ მოახერხა ბრეიკის შესრულება. პირველი სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც უკეთესი აზიელი აღმოჩნდა და 7:4 იმარჯვა. მეორე სეტში კეიმ 3:3-ზე ბრეიკი შეასრულა, რაც საკმარისი აღმოჩნდა მატჩის მოსაგებად.
იაპონელმა 2 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ფრანგმა კი 9 ეისი ჩააწოდა და მხოლოდ 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
კუალა-ლუმპურის ტურნირის საპრიზო ფონდი 947750 ამერიკული დოლარია.
კეი ნიშიკორიმ ATP-ის მე-6 ტურნირი მოიგო.
2014 წელი ნიშიკორისთვის წარმატებული გამოდგა. წლეულს მემფისისა და ბარსელონას ტურნირები მოიგო, ხოლო მადრიდის ტურნირის ფინალში რაფაელ ნადალთან დამარცხდა. იაპონელის მთავარი წარმატება ამერიკის ღია პირველობის ფინალში გასვლა იყო, სადაც მარინ ჩილიჩთან დამარცხდა.
მატჩის საუკეთესო მომენტები
https://www.youtube.com/watch?v=AURI_giC6-I