„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მას ხვიჩა კვარაცხელიასთან ურთიერთობის შესახებ დაუსვეს შეკითხვა, რასაც ფრანგმა ფეხბურთელმა შემდეგნაირად უპასუხა:
„კვარა ძალიან კარგად მივიღეთ. პირადად მე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ერთმანეთს ბევრ რჩევას ვაძლევეთ, როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა. მისი მორცხვი გარეგნობის მიღმა, ის ბევრს ხუმრობს“, - თქვა დემბელემ.
„არ ვიცი ვარ თუ არა, გუნდის ლიდერი, მაგრამ ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი ვარ. ვცდილობ, გავაკეთო ის, რაც ვიცი და ახალგაზრდებს მაგალითი ვუჩვენო. ახლა კართან უფრო ახლოს ვთამაშობ და თანაგუნდელები მეხმარებიან, რომ გოლები გავიტანო, უფრო მეტად გადამწყვეტი ვიყო. ოქროს ბურთის მოგება? მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, თუმცა, ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. მთავარი გუნდური ტიტულებია, ესაა მოტივაცია, შესანიშნავი იქნებოდა პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგის მოგება.
არ ვაპირებთ თამაშის სტილის შეცვლას, აქ მოსაგებად ვართ და ეს არის ხვალინდელი მიზანი. ვიცით, რომ შესანიშნავი გარემო იქნება, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრებიც იქნებიან და მხარს დაგვიჭერენ. ველოდებით, რომ „ასტონ ვილა“ ჩვენზე დიდ ზეწოლას მოახდენს, ისინი იძულებული იქნებიან, რომ შეტევაზე წამოვიდნენ. ჩვენს თამაშს ვითამაშებთ და ყველაფერს გავაკეთებთ ამ მატჩის მოსაგებად.
გუნდს ძლიერი ხასიათი აქვს, ბოლო წუთამდე არ ნებდება, რაც უნდა მოხდეს, მწვრთნელი გვეუბნება, რომ ყოველთვის გვჯეროდეს ამის. ახალგაზრდები თუ გამოცდილები, ბოლომდე ვიხარჯებით, ვფიქრობ, ეს ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.
არ ვიცი, არის თუ არა პსჟ საუკეთესო გუნდი, სადაც მითამაშია, რადგან „ბარსელონაში“ ვთამაშობდი ლიონელ მესისთან ერთად, რომელიც ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მიმაჩნია. თუმცა, პსჟ ერთ-ერთი ის გუნდია, სადაც დიდ სიამოვნებას ვიღებ. „ბარსელონაში“ ბევრი ფიზიკური პრობლემა მქონდა, მაგრამ ტრავმებთან დაკავშირებით მივიღე პრევენციული ზომები, რამაც შედეგი გამოიღო“, - თქვა დემბელემ.
შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 15 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.