საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში "ლიონი" სტუმრად "ოსერს" დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში დიდი როლი ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ შეიტანა, რომელმაც გოლთან ერთად საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც დაიმსახურა.
ქართველი თავდამსხმელის შესანიშნავ მატჩს გამოეხმაურა ფრანგული გამოცემა Footmercato, რომელმაც სხვა სტატისტიკურ საიტებთან ერთად გიორგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
"მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ გიორგი მიქაუტაძე იყო, რომელიც ლაკაზეტისთან ერთად შესანიშნავად თამაშობდა. ქართველი ტექნიკურად ძალიან კარგად გამოიყურებოდა. თანაგუნდელებისთვის შეტევის წარმართვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. თავდამსხმელებიდან სწორედ ის ჩარბოდა სიღრმეებში და ქმნიდა სივრცეებს. სწორედ ამ ტიპის ქმედებამ მისცა "ლიონს" ლიდერობის უფლება. სიღრმისეულად აღმოჩენილი ტოლისოს მიერ, გაკეთებული პასის შემდეგ "მეცის" ყოფილმა მოთამაშემ დრიბლინგით ჩაუარა "ოსერის" მეკარეს, მოიპოვა პენალტი და ზუსტადაც შეასრულა. შემდეგ კი, იყო საგოლე მოქმედება, როდესაც ლაკაზეტის ცარიელ კარში გაატანინა. ქართველმა ფეხბურთელმა "ოსერის" მცველები ცუდ დღეში ჩააგდო", - წერს ფრანგული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 41 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი და 9-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 29 მატჩი, 9 გოლი და 5 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 10 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.
„ლიონმა“ ამ გამარჯვებით 51 ქულა დააგროვა და ოთხეულში შევიდა, მეოთხე ადგილზეა. სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა: მეორეადგილოსან „მონაკოს“ 53 ქულა აქვს, მეშვიდეადგილოსან „ნიცას“ – 48. „ლიონი“ მომდევნო ტურში 20 აპრილს, სტუმრად „სენტ ეტიენს“ შეხვდება, მანამდე კი, ევროპა ლიგის მეოთხედფინალში 17 აპრილს, „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეწვევა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია