ფეხბურთი

1:18 | 9.04.2025 | ნანახია NaN - ჯერ

"ინტერის" ტრიუმფი მიუნხენში და დიდი ნაბიჯი ნახევარფინალისკენ

ბევრისთვის „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტია, ბევრისთვის კი, სათვალავში არ განიხილება. არადა, იტალიის ჩემპიონი ძალიან სოლიდური გუნდია და წესით, კონკურენტებსაც თუ შევხედავთ, გამარჯვების ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატია.

სიმონე ინძაგის გუნდმა ძალა კიდევ ერთხელ მიუნხენში გამოავლინა, სადაც „ბაიერნი“ დაამარცხა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

„ბაიერნი“ დიდი დანაკლისით შეხვდა მატჩს, თუმცა, ეს „ინტერის“ წარმატებას არ აკნინებს. იტალიელებმა მთელი თამაში მეორე ნომრად ითამაშეს, თავიანთ შანსს ელოდნენ, დაცვაში პრაქტიკულად უშეცდომოდ ირჯებოდნენ და მოიგეს კიდეც.

პირველი ტაიმის მიწურულს „ინტერი“ დაწინაურდა, მარკუს ტურამის დიდებული პასის შემდეგ ლაუტარო მარტინესმა ბრწყინვალედ დაარტყა და ანგარიში გახსნა. მეორე ნახევარში „ბაიერნი“ უპირატესობას ფლობდა, მომენტებს ვერ ქმნიდა. 85-ე წუთზე დაარტყა მეორე ტაიმში კარში პირველად და შედეგიანადაც.

ვინ გაიტანა? თომას მიულერმა, რომელიც სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. გერმანელი შეცვლაზე შევიდა და ახლო მანძილიდან დალაშქრა იან ზომერის კარი. ერთ წუთში ბავარიელებს მეორეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ზომერმა იხსნა „ინტერი“.

ვენსან კომპანის გუნდს იმდენად სურდა მოგება, რომ დაცვა საერთოდ დაავიწყდა და 88-ე წუთზე მეორე გოლიც გაუშვა. „ნერაძურის“ უნაკლო კონტრშეტევა გოლით დავიდე ფრატეზიმ დაასრულა - 1:2.

ეს დიდი ნაბიჯია ნახევარფინალისკენ იმის გათვალისწინებით, რომ ახლა „ინტერი“ „ბაიერნზე“ უკეთეს ფორმაშია, უკეთეს განწყობაზე და შინ უნდა ითამაშოს საპასუხო მატჩი 16 აპრილს.

სხვათა შორის, „ინტერს“ მხოლოდ 3 გოლი აქვს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე გაშვებული, ეს ნათლად მეტყველებს ამ გუნდის სოლიდურ ძალაზე.

„ბაიერნი“ – „ინტერი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლაუტარო (38), 1:1 მიულერი (85), 1:2 ფრატეზი (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.074055