ფეხბურთი

20:56 | 7.04.2025 | ნანახია 408 - ჯერ

კომპანი: "რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ჩვენი მიზნები არ იცვლება"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ინტერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავთ, არ აპირებს მიზნების და სტრატეგიის შეცვლას.

„რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ და წინ უნდა გავიხედოთ, არა უკან. ვინც მოედანზე გავა, მაქსიმალურად მომზადებული იქნება და თავის წვლილს შეიტანს. არ მინდა წუწუნი და არ მინდა, შევცვალოთ ჩვენი მიზანი, ჩემი სტრატეგია, იმის გამო, რომ გუნდში ტრავმიანობაა. ჩემი ფიქრები მხოლოდ იმაზეა, თუ რა შეიძლება ხვალინდელ მატჩში მოხდეს.

ვინ შეცვლის მუსიალას? გნაბრიც გვყავს, აქ ყველას თავისი როლი აქვს და გუნდს ეხმარებიან. საჭიროა ბოლომდე დახარჯვა, მხოლოდ ნიჭი არ კმარა. არ მინდა ყოველთვის ინდივიდებზე საუბარი, ვინც თამაშობს, 100%-ით მზადაა და ეს ნიშნავს, რომ ჩემგან ნდობა აქვს. არც ის მინდა, რომ ბევრი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რთულია ისეთი ფეხბურთელის შეცვლა, როგორიც მუსიალაა, მაგრამ გუნდში სხვა ხარისხიანი ფეხბურთელებიც გვყავს. ჯამალის გარეშე უკვე ვითამაშეთ, შეგვიძლია ვიპოვოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის, კრეატიული გადაწყვეტილებები, რაც ხელთ გვაქვს. მუსიალას ინდივიდუალურად ვერ შევცვლით, ასე რომ, ეს საკითხი გუნდურად უნდა მოვაგვაროთ.

ნოიერი და კომანი? იმედი მაქვს, რომ ისინი საპასუხო მატჩში იქნებიან, მაგრამ არ მინდა მათზე რაიმე ზეწოლა მოვახდინო, არანაირი გარანტია არ არსებობს.

მიულერი? მისი გამოცდილება ფუნდამენტურია, განსაკუთრებით მსგავს მატჩებში. ჩვენ, როგორც „ინტერს“, ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი გვყავს, დარწმუნებული ვარ, ხვალ მოედანზე გამოცდილების ნაკლებობა არ იქნება.

„ინტერი“ კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც ყოველთვის პოულობს გზას, რომ სახიფათო იყოს და არა მხოლოდ კონტრშეტევებზე. მათ კარგად შეუძლიათ დაცვიდან თამაშის აგება, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, სტანდარტულებზე ძლიერები არიან და ასე ბევრი გოლი გააქვთ. თუმცა, ჩვენც ვიცით ბევრი გოლის გატანა, იმედია, ხვალ ამას შევძლებთ. საჭიროა ძლიერი ხასიათი და მენტალიტეტი. ჩემპიონთა ლიგის წინა 12 მატჩში ვაჩვენეთ, რისი გაკეთება ვიცით.

შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რას აკეთებს ტაქტიკურად „ინტერი“ კარგად, მაგრამ ფეხბურთს ასევე თამაშობენ გულით, ხასიათით და ემოციით. ეს ყველაფერი თამაშის ნაწილია. ლევერკუზენთან“ გასულ ეტაპზე ვაჩვენეთ, რომ ეს შეგვიძლია. მთავარია, ხვალ გონებრივად მზად ვიყოთ და ხასიათი გამოვავლინოთ“, - თქვა კომპანიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „ინტერის“ მატჩი 8 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066656