გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „ლევერკუზენთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 0:1 დამარცხდა.
ფრანკ შმიდტის გუნდმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, რიგ მომენტებში სჯობდა კიდეც, მაგრამ 91-ე წუთზე ემილიანო ბუენდიასგან გაუშვა და უქულოდ დარჩა. ზივზივაძეს ტრავმის გამო არ უთამაშია. ქართველ ფორვარდს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში.
„ჰაიდენჰაიმი“ 22 ქულით პლეი-აუტის ზონაში, მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 აპრილს, სტუმრად „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.
"ლევერკუზენი" მეორე პოზიციაზეა, "ბაიერნს" 6 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.