ბოსტონში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, პირველ დღეს მონაწილე 17 ქვეყნის 23 სპორტულ წყვილს შორის, საქართველოს ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, მოკლე პროგრამის შემდეგ, 71.68 ქულით ჯერჯერობით მე-4 ადგილზეა და სერიოზულ შანსებს ინარჩუნებს ორი პროგრამის ჯამში საპრიზო ადგილის მოსაპოვებლად. ჩვენმა წყვილმა ჩემპიონატზე წარმოადგინა შარშანდელი სეზონის განახლებული მოკლე პროგრამა, რომელიც უშეცდომოდ შეასრულეს, რისთვისაც მსაჯებისაგან საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურეს. სპორტული წყვილების თავისუფალი პროგრამა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტის არხიდან 28 მარტს, 02:15 საათიდან დაიწყება. ანასტასია და ლუკა ბოლო, მე-5 ჯგუფში იასპარეზებს, რომლის ნახვასაც პირდაპირ ეთერში 05:20 საათიდან შეძლებთ.
მოკლე პროგრამაში დაშვებული სერიოზული შეცდომების გამო, ჩვენი ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო შემდეგ ეტაპზე გადასვლა, ამიტომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად მას ოლიმპიური საგზურისათვის ბრძოლა დამატებით საკვალიფიკაციო ტურნირზე მოუწევს, რომელიც სექტემბერში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართება.









