უეფას ზონაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩები სამ ჯგუფში გაიმართა.
I ჯგუფში ნორვეგიის ნაკრებმა სტუმრად ისრაელის ნაკრები ძალიან ადვილად, 4:2 დაამარცხა და ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერია. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელებმა ორივე მატჩი სტუმრად მოიგეს. მეორე მატჩში ესტონეთმა სტუმრად 3:2 სძლია მოლდოვას.
ნორვეგია 6 ქულით ლიდერია, ესტონეთსა და ისრაელს 3-3 ქულა აქვთ, მოლდოვას - 0. ჯგუფში ასევეა იტალიის ნაკრები, რომელსაც ჯერ თამაში არ ჩაუტარებია. მომდევნო ტურში, 6 ივნისს, ოსლოში, ნორვეგია-იტალიის მატჩია და შეიძლება ითქვას, რომ უკვე გადამწყვეტი. ძნელად წარმოსადგენია ნორვეგიამ ჯგუფში იტალიის გარდა, ქულები რომელიმე მეტოქესთან დაკარგოს, ასე რომ, „სკუადრა აძურა“ ოსლოში თუ დამარცხდება, დიდი შანსია, ზედიზედ მესამედ დარჩეს მუნდიალს მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო შეხვედრა მისთვის შესარჩევში მხოლოდ პირველი იქნება.
J ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონია უელსს საკუთარ მოედანზე დაუზავდა (1:1). მაკედონიელები 91-ე წუთზე დაწინაურდნენ და ძალიან ახლოს იყვნენ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებასთან, მაგრამ 96-ე წუთზე გაუშვეს და ქულას დასჯერდნენ. ყაზახეთმა სტუმრად ლიხტანშტაინი 2:0 დაამარცხა. ჯგუფს 4-4 ქულით ჩრდილოეთ მაკედონია და უელსი ლიდერობენ, ყაზახეთი 3 ქულითაა, ლიხტანშტაინს 0 ქულა აქვს. ბელგიას ამ ჯგუფში ჯერ გამოსვლა არ დაუწყია.
L ჯგუფში ჩეხეთის ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი 4:0 გაანადგურა, ხოლო მონტენეგრომ ფარერებს 1:0 აჯობა. ჯგუფს ჩეხეთი და მონტენეგრო 6-6 ქულით ლიდერობენ, ფარერებსა და გიბრალტარს ქულა არ აქვთ. ხორვატიას ჯერ არ უთამაშია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია