„ფლამენგოს“ და ბრაზილიის ნაკრების მცველმა დანილომ განაცხადა, რომ მადრიდის „რეალში“ ყოფნის პერიოდში ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა, რადგან იმ წნეხს ვერ უძლებდა, რაც „სამეფო კლუბში“ თამაშს ახლავს.
„მადრიდის „რეალში“ ჩემი პრობლემების კულმინაცია იყო, რადგან ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია. ბევრი ვიტანჯე, ფსიქოლოგიური დახმარებაც მოვითხოვე. იყო დრო, როცა მეჩვენებოდა, რომ ფეხბურთის თამაში აღარ მახსოვდა. კრიტიკას ძალიან მტკივნეულად ვიღებდი. კრიტიკის, სოციალური ქსელების, ყველაფრის მძევალი ვიყავი. სწორედ მაშინ დავიწყე მუშაობა სპორტულ ფსიქოლოგთან“, - თქვა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ დანილო „რეალში“ 2015-2017 წლებში თამაშობდა და 56 მატჩში 3 გოლი გაიტანა. შემდეგ ის „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, ხოლო 2019-2025 წლებში „იუვენტუსში“ ირჯებოდა, მიმდინარე წლის დასაწყისში კი, „ფლამენგოს“ შეუერთდა.