ფეხბურთი

1:45 | 25.03.2025 | ნანახია 517 - ჯერ

ინგლისის მორიგი მარტივი გამარჯვება მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ევროპის ზონის რამდენიმე ჯგუფში დაიწყო და უკვე მეორე ტურის მატჩებიც გაიმართა.

ინგლისის ნაკრებმა „უემბლიზე“ ალბანეთის შემდეგ ლატვიას უმასპინძლა და მორიგი მარტივი გამარჯვება მოიპოვა. თომას ტუხელს კარგი სტარტი აქვს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ძალიან ძლიერი მეტოქე ინგლისს არ ჰყოლია.

პირველი ტაიმის მიწურულს რის ჯეიმსმა ულამაზესი ჯარიმით გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმში ჰარი კეინმა და ებერეჩი ეზემ თამაშს ინტრიგა მოუკლეს. ინგლისს ორ ტურში 6 ქულა აქვს, ხოლო ლატვიას - 3.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ალბანეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ანდორას ადვილად აჯობა (3:0) და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამავე ჯგუფშია სერბეთიც, რომელსაც ჯერ თამაში არ ჩაუტარებია.

H ჯგუფში ბოსნია ლიდერობს 6 ქულით, რომელმაც მეორე შეხვედრაც მოიგო, ამჯერად შინ კვიპროსთან დაძაბულ ბრძოლაში 2:1. ბოსნიელებმა მანამდე სტუმრად რუმინეთს 1:0 აჯობეს. თავის რუმინეთმა ეს წაგება დღეს სტუმრად სან მარინოსთან 5:1 გამარჯვებით აინაზღაურა.

G ჯგუფში პოლონეთმა შინ მალტას 2:0 აჯობა და ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერია. ფინეთის ნაკრები სტუმრად ლიეტუვას დაუზავდა (2:2), რის შედეგადაც ორ ტურში 4 ქულა აქვს, ხოლო ლიეტუვამ პირველი ქულა მოიპოვა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:59 | 25.03.2025
ბაგი-რეი (2264)

შესარჩევის ლომები არიან

0.067369