ფეხბურთი

0:41 | 25.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ქოჩორაშვილის ყოფილი თანაგუნდელი: "სპორტინგისთვის" ის შესანიშნავი გაძლიერება იქნება"
"ქოჩორაშვილის ჩემპიონის მენტალიტეტი აქვს და ფიზიკურად ძალიან ძლიერია"

ესპანელმა ფეხბურთელმა მარკ ბარომ A Bola-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ლისაბონის „სპორტინგში“ გიორგი ქოჩორაშვილის შესაძლო ტრანსფერზე ილაპარაკა.

ბარო და ქოჩორაშვილი ესპანურ „პერალადაში“ 2017-2019 წლებში თანაგუნდელები იყვნენ და ესპანელიც ქართველს კარგად იცნობს. როგორც მან თქვა, გიორგის ტრანსფერით „სპორტინგი“ ძალიან გაძლიერდება.

„როცა გავიცანი, მალევე დავმეგობრდით. მას შეუძლია ითამაშოს როგორც საყრდენ ნახევარმცველად, ასევე 8 ან 10 ნომრის პოზიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი არ არის, ფიზიკურად ძალიან ძლიერია, ბევრს დარბის, თამაშში საშუალოდ 11-12 კილომეტრს. ძალიან მოწესრიგებულია, საკუთარ თავზე ზრუნავს, პროფესიონალია, ფეხბურთს ყველაფერს უთმობს, მოსწონს ბურთის კონტროლი და ბევრს მუშაობს. ე.წ. Box-to-box-ის ფეხბურთელია, რომელიც ბურთს ხშირად ართმევს მეტოქეს, ინტენსიური და აგრესიულია, ერთ-ერთი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ყველას მოსწონს, რადგან ყველაფერი შეუძლია.

ქოჩორაშვილი დიდი გაძლიერება იქნება. „სპორტინგი“ კი, პორტუგალიაში შესანიშნავი გუნდია. ის ძალიან კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია, დამიჯერეთ. თუ ახლა ისეთ კლუბში, როგორიც „ლევანტეა“, ასე თამაშობს, წარმოიდგინეთ კლუბში, როგორ ითამაშებს, რომელიც ტიტულებისთვის იბრძვის, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. მას ჩემპიონის მენტალიტეტი აქვს, რომელიც ყველაფერს სწრაფად ეგუება. ვინც მისი კონკურენტია, იცის, რომ ვარჯიშზე ძალიან მაღალ დონეზე მოუწევს მუშაობა. თუ ტრანსფერი დადასტურდება და იმედი მაქვს, რომ დადასტურდება, ეს „სპორტინგისთვის“ შესანიშნავი გაძლიერება იქნება.

არ მგონია, რომ ჰიდემასა მორიტას წასვლით და ქოჩორაშვილის მოსვლით „სპორტინგი“ დასუსტდეს. ის დინამიური, ერთგული ნახევარმცველია, როგორც ვთქვი, ნახევარდაცვაში ორივე ფაზაში ძლიერია. მას ძალიან ძლიერი მენტალიტეტი აქვს“, - თქვა ბარომ.

გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მან საქართველოს ნაკრებშიც ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონშიც შედეგიანი თამაში აჩვენა და 3 გოლის გატანა შეძლო.

პორტუგალიური მედია წერს, რომ „სპორტინგს“ შეთანხმება მიღწეული აქვს, ტრანსფერი 5.5 მილიონ ევროდ უნდა შედგეს, რასაც 1.5 მილიონის ბონუსიც დაემატება. თუმცა, ასევე გაჟღერდა ინფორმაცია „ნაპოლის“ მხრიდან ინტერესის შესახებ.

0.077514